ჩაქაფული
თქვენთვის გაზაფხულთან რომელი კერძი ასოცირდება? ჩემთვის პირველია, რა თქმა უნდა, ჩაქაფული, თავისი საოცარი გაზაფხულის არომატით. ტარხუნის, ტყემლის ან ალუჩის და კიდევ ბევრი ახალი მწვანილების მადისაღმძვრელი არომატი ტრიალებს ხოლმე მთელს სახლში. ამბობენ, რომ მამაკაცები გიჟდებიან ამ კერძზე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ქალებსაც საოცრად უყვართ და თან სააღდგომო სუფრას აკვდება ზედ. შემოგთავაზებთ ჩაქაფულის ჩემს ვარიანტს. არ იფიქროთ, რომ რამე სირთულეს წარმოადგენს მისი მომზადება. ერთად ერთი სირთულე- უამრავი მწვანილის კარგად გარეცხვაა. ბევრს არ უყვარს ცხვრის ხორცი, იმის გამო რომ სპეციფიკური სუნი აქვს. ჩაქაფულში უგემრიელესია არა ცხვრის, არამედ ბატკნის ხორცი, რომელსაც არ აქვს მძაფრი სუნი. თუ არც ბატკანს მიირთმევთ, არანაკლებ გემრიელია ხბოს ხორცით მომზადებული ჩაქაფული.
მოსამზადებლად დაგვჭირდება:
2 კგ ხბოს ან ბატკნის ხორცი 2 ცალი ხახვი 4 კონა მწვანე ხახვი 3 კონა წიწმატი 4 კონა ქინძი 7-8 კონა ტარხუნა 3 კბილი ნიორი 2 ჭიქა ტყემალი ან უმჯობესია ალუჩა 2 ცალი მწარე, მწვანე წიწაკა მარილი გემოვნებით 1 ჭიქა თეთრი ღვინო 100-150 გრ კარაქი პირველ რიგში უნდა გავრეცხოთ კარგად ყველა მწვანილი და დავდოთ სინებზე გასაშრობად. გარეცხილი და დაჭრილი ხორცი მოვათავსოდ ქვაბში და დავასხათ წყალი, დავდგათ მოსახარშად.
საკმაოდ მალე იხარშება ხბოც და ბატკნის ხორციც. ხორცი მალე დარბილდება და წყალიც ცოტა ჩაშრება, დავამატოთ კარაქი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი. 5 წუთში მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი. 2 წუთში დაჭრილი წიწმატი. არ უდა ამოურიოთ, უბრალოდ ზემოდან აყრით და აუცილებლად თანმიმდევრობა დაიცავით რა რის შემდეგ დააყაროთ. წიწმატის შემდეგ დააყარეთ ქინძი და წვრილად დაჭრილი ცხარე წიწაკა, დაჭყლეტილი ნიორი. მალევე ტარხუნა. ტარხუნა ყველაზე ქორფაა და დიდი დრო არ უნდა, მითუმეტეს ყველა მწვანილი ნახევრად ცოცხალი უნდა იყოს. შემდეგ დააყარეთ ტყემალი ან ალუჩა და მოასხით თეთრი ღვინო. რომ წამოდუღდება და ცოტა ქაფს მოიკიდებს, აი მაშინ გადაურიეთ კარგად და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. ეს საოცარი კერძი არის უზომოდ სასარგებლო, ვიტამინების ნაკრებია ნამდვილი. სააღდგომო სუფრაზე ცხელი მიიტანეთ და პირობას გაძლევთ თქვენი ოჯახის წევრების და სტუმრების დიდ შექებას დაიმსახურებთ!
გემრიელად მიირთვით!