ტაილანდური ქათმის სუპი Tom Kha Gai
ტომ კჰა გაი გახლავთ ტაილანდური ქათმის სუპი ქოქოსის რძით. ძალიან გემრიელი და ნოყიერი წვნიანია, რომელიც ტომ იამთან ერთად მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სუპების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.
დაგვჭირდება:
2 ქათმის მკერდი
200 გ კალმახა სოკო (ხის სოკო)
1 ყვითელი ჯინჯერის ფესვი (ე.წ. გალანგალი)
1წითელი წიწაკა ჩილი
1 მწვანე წიწაკა
3-4 ღერი ლემონგრასი (გარეგნულად მწვანე ხახვს წააგავს, მაგრამ სულ სხვა არომატი აქვს)
5-6 ცალი კაფირ-ლაიმის ფოთოლი (ამ სახეობის ლაიმის ნაყოფი ძალიან მჟავეა დ აპრაქტიკულად არ გამოიყენება, სამაგიეროდ, მისი ფოთლები ტაილანდურ სამზარეულოში ისევე ხშირად გამოიყენება, როგორც დაფნა ჩვენთან. ტომ იამ წვნიანებში ეს აუცილებელი ინგრედიენტია. თუ მათი შოვნა გაგიჭირდათ, ჩვეულებრივი ლაიმის ფოთლები გამოყენეთ)
2 ლაიმის წვენი
2 ს.კ. თევზის სოუსი ტომ იამი
1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 კონა ქინძი
300 მლ ქოქოსის რძე
მარილი
სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ზეთი და დავუმატოთ მომცრო ზომის ნაჭრებად დაჭრილი ლეომგრასი და თხელ რგოლებად დაჭრილი ჯინჯერი. ვთუშოთ ერთი ორი წუთი, შემდეგ დავუმატოთ მსხვილად დაჭრილი სოკო და ვთუშოთ კიდე ერთი 5 წუთი. ამის შემდეგ, დავუმატოთ დაჭრილ ქათამი, კარგად ამოვურიოთ და 1 წუთში დავასხათ დაახლოებით 1 ლ წყალი. რომ წამოდუღდება, ვუმატებთ ლაიმის ფოთლებს და ვაგრძელებთ ხარშვას, სანამ ქათამიდ და სოკო არ მომზადდება.
ამის შემდეგ, დავუმატოთ სუპს ქოქოსის რძე, მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ვადუღოთ, თორე რძე აიჭრება. დავუმატოთ ლაიმის წვენი, თავზის სოუსი, შაქარი და თხელ რგოლებად დაჭრილი წიწაკა. ვურიოთ, სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გაიხსნება და შეერევა ერთმანეთს, შემდეგ კი გამოვრთოთ ქურა და დავუმატოტ სუპს დაჭრილი ქინძი.
ამ წვნიანში აზიური სამზარეულოსთვის დამახასითებელი ყველა გემოა შერწყმული- ტკბილი, მჟავე, ცხარე. მათი რეგულირება თქქვენ თავად შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით- დაუმატეთ ან მოაკელით შაქარი, ჩილი, თევზის სოუსი, ლაიმის წვენი და ა.შ.
გემრიელად მიირთვით!