ტაჯინი
დღეს აღმოსავლური ზღაპრებივით საოცარ, ჭრელ და სურნელოვან ელ-მაღრიბს ვესტუმროთ და ტაჯინზე ვისაუბროთ.
ტაჯინი (ან ტაჟინი -taǧin) — მაღრიბის ქბეყნებში- ტუნისსა, ალჟირში და მაროკოში გავრცელებული კერძია, რომელსაც ხორცის და ბოსტნეულისგან ამზადებენ. ხორცს და ბოსტნეულს სპეციალურ კერამიკულ ქოთანში თუშავენ, რომელსაც მაღალი კონუსის ფორმის თავსახური აქვს. ამ სპეციალურ ჭურჭელსაც ტაჯინი ეწოდება.
კერძი ტაჯინში ხანგრძლივად, რამდენიმე საათის განმავლობაში ითუშება საკუთარ წვენში. თავსახურის ზედა, შედარებით გრილ ნაწილში ორთქლი კონდენსირდება და ისევ ქვაბში იღვრება. ამის გამო კერძს წყლის დამატება პრაქტიკულად აღარ სჭრდება.
ტაჯინის უამრავი რეცეპტი არსებობს. მას ამზადებენ სხვადასხვა ხორცეულით, თევზით და ბოსტნეულით. ხშირად უმატებენ ჩირებს, ფინიკებს, ქიშმიშს, ზეთისხილს, მარილიან ლიმონს, თაფლს და რა თქმა უნდა, სპეციებს.
ტაჯინის მოსამზადებლად თავდაპირველად ხახვი და სპეციები უნდა მოვთუშოთ, შემდეგ დავუმატოთ ხორცი, ბოლოს კი ბოსტნეული და ჩირები.
კლასიკური მაროკოული პიკანტური და არომატული ტაჯინი ქათმის, მარილიანი ლიმონის და ზეთისხილის კომბინაციაა. ასევე ძალიან პოპულარულია ცხვრის ხორცის და ჩირების ტაჯინი, იხვი ფინიკებით და თაფლით ან თევზი პომიდვრით, ქინძით და ლიმონით.
ტუნისში სულ სხვანაირ ტაჯინს ამზადებენ. მათი კერძი რაღაცით იტალიურ ფრიტატას წააგავს ან ჩვენებურ ბრაწულას.
მარილიანი ლიმონი, რომელიც ჩვენ უკვე რამდენიმეჯერ ვახსენეთ, საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია.
ასევე, ტაჯინისთვის და საერთოდაც, აღმოსავლური სამზარეულოსში ძალიან პოპულარულია სპეციების ნაკრები რას ელ ჰანუტი (ras el hanout). ამ ნაკრების მცირე დოზაც კი კერძის განუმეორებელი აღმოსავლური გემოებით და არომატებით ავსებს.