top of page

ტარტ-ტატენი


ამ უგემრიელესი ფრანგული ნამცხვრის არსებობა ფრანგი დები-ტატენების დამსახურებაა. უფრო სწორად კი ერთ-ერთი დის, სტეფანი ტატენის უყურადღებობის და დაუდევრობის ”ბრალია” დები პატარა სასტუმროს ფლობდენ. ერთხელ, განსაკუთრებულად დიდი სტუმრიანობის დროს სტეფანი ამზადებდა ვაშლის ნამცხვარს, მაგრამ სიჩქარეში საცხობ ფორმაში ცომის ჩადება დაავიწყდა და ისე ჩაყარა ვაშლი და შაქარი. სტეფანის ბევრი არ უფუქრია, ცომი ვაშლს ზევისად გადააფარა და ისე შედო ნამცხვარი გამოსაცხობად. როცა ცომი მომზადდა, მან ამოატრიალა ნამცხვარი თეფშზე და ისე მიართვა სტუმრებს. ვაშლი, რომელმაც ღუმელში კარამელიზაცია განიცადა, განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდა და ამოტრიალებულმა ნამცხვარმა ნამდვილი ფურორი მოახდინა. მართლაც, ეს ერთ-ერთი უგემრიელესი ვაშლის ნამცხვარია, რომელიც გამისინჯავს.

ცომისთვის დაგვჭირდება: 250 გრ ფქვილი მწიკვი მარილი 2 ს.კ. შაქარი 1 კვერცხი 125 გრ დარბილებული კარაქი 2 ს.კ. ძალიან ცივი წყალი

გულსართისთვის დაგვჭირდება: 6-8 ცალი ვაშლი გოლდენი (ან ანტონოვკა)

150 გრ კარაქი 100 გრ შაქარი 1 ჩ.კ. დარიჩინი (შეგიძლიათ ეს ინგრედიენტი ამოიღოთ რეცეპტიდან და უფრო ნეიტრალურ გემოს მიიღებთ)

ვანილი

ცომს ვამზადებთ იგივე წესით, როგორც ლიმნის ტარტისთვის.

ვაშლი გავთალოთ, ამოვაცალოთ გული და გავჭრათ ოთხად. მოვაყაროთ დარიჩინი. დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავსრისოთ ისე, რომ მივიღოთ ერთგვაროვანი მასა. ამ მასით თანაბრად დავფაროთ გამოსაცხობი ფორმის ძირი და გვერდები. შემდეგ დავალაგოთ ვაშლი, ისე, რომ სრულად დაიფაროს ზედაპირი. დავადოთ ზევიდან მეორე ფენა ვაშლიც. ამის შემდეგ დავდოთ ფორმა საშუალო ცეცხლზე და დაველოდოთ კარამელიზაციას. კარაქი და შაქრის მასა ოქროსფერი უნდა გახდეს. არ მოურიოთ.

ცომი გავაბრტყელოთ, დავაფაროთ ვაშლის ფენას და კარგად შემოუკეცოთ გარშემო. ცომი დავჩხვლიტოთ ჩანგლით და შევდგათ ნამცხვარი ღუმელში 180 გრადუსზე მანამ, სანამ ცომი არ გამოცხვება (დაახლოებით 25 წუთი).

გამომცხვარი ტარტი ცოტა შევაგრილოთ და გადმოვატრიალოთ თეფშზე ისე, რომ ვაშლის ფენა ზემოდან მოექცეს. ტარტ-ტატენს ძალიან უხდება ათქვეფილი ნაღები ან ნაყინი.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page