ბრინჯი ბოსტნეულით
ჩვენ უკვე არაერთხელ ვახსენეთ ბრინჯის გარნირი. ამიტომ გადავწყვიტეთ დღეს შემოგთავაზოთ კერძის რეცეპტი, რომელიც არაჩვეულებრივი გარნირია პრაქტიკულად ნებისმიერი ხორცის, თევზის თუ ფრინველის კერძისთვის და, ასევე, მშვენიერია, როგორც დამოუკიდებელი კერძი. დაგვჭირდება: 1 ჭიქა ბრინჯი (გრძელი ბრინჯი, ძალიან კარგია, მაგალითად "ბასმატი") 1 სტაფილო 1 ხახვი 1 ბულგარული წიწაკა 100 გრ მწვანე მუხუდო (კონსერვირებულს გაყინული ჯობია) 3-4 ს.კ. ზეითუნის ზეთი (ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმინდის ან მზესუმზირის ზეთი) მარილი, წიწაკების მიქსი
დაგვჭირდება ღრმა, სქელძირიანი ტაფა. ტაფა გავახუროთ, საშუალოზე ოდნავ მაღალ ცეცხლზე დავდგათ და დავიწყოთ ბოსტნეულით. ჯერ ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში დაახლოებით 3 წუთი, შემდეგ წვრლად დაჭრილი სტაფილი დავამატოთ და ისევ დაახლოებით 3 წუთი ვთუშოთ, შემდეგ ბულგარული და მუხუდო. 2-3 წუთში მოვაყაროთ მარილი, წიწაკების მიქსი და დავაყაროთ ზევიდან ბრინჯი. კარგად ამოვურიოთ, ბრინჯი შეიწოვს ცხიმს და გახდება გამჭვირვალე. დავასხათ 2 ჭიქამდე მდუღარე წყალი, დავუწიოთ ცეცხლს და თავდახურული ვხარშოთ დაახლოებით 20 წუთი. ამასობაში მთელი სითხე უნდა აორთქლდეს. გამოვრთოთ ქურა, ბრინჯი ტაფის კედლებიდან ცენტრისკენ ჩამოვწიოთ (არ უნდა მიეკრას ტაფას), დავახუროთ თავსახური და 10 წუთი ვაცადოთ, ბოლომდე რომ მომზადდეს. საერთოდ, შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი სხვა ბოსტნეულიც, სიმინდი და სუნელები-თქვენი გემოვნეით. გემრიელად მიირთვით!