კვერცხი ბენედიქტი
დილა მშვიდობისა! და დღეს დილით ხუთვარსკვლავიან საუზმეს გთავაზობთ- კვერცხი ბენედიქტი. ერთ-ერთი ვერსიით, ამ კერძის სახელწოდება ნიუ-იორკელ ბროკერს, ვინმე ლემუელ ბენედიქტს უკავშირდება. ერთ დილას იგი სახელგანთქმული სასტუმრო ”უოლდორფის” რესტორანში შევიდა და კარაქიანი გახუხული პური, თოხლო კვერცხი და ლორი ჰოლანდიური სოუსით შეუკვეთა. რესტორნის მეტროდოტელს ინგრედიენტების ურთიერთშეხამება ისე მოეწონა, რომ ეს კერძი რესტორნის მენიუში შეიტანა.
დაგვჭირდება: 2 კვერცხი 2 ნაჭერი ლორი ან ბეკონი 1 ფუნთუშა სენდვიჩებისთვის (ან ტოსტის პური) მარილი, ფერადი წიწაკა 1 ს.კ. ძმარი ჰოლანდიური სოუსისთვის: 50 გრ კარაქი 1 კვერცხის გული 1 ჩ.კ. ლიმნის წვენი.
პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ტრადიციული ფრანგული კერძი- კვერცხი-პაშოტ. ამისთვის მომცრო ზომის ქვაბში ვასხავთ წყალს, ვადუღებთ, ვასხავთ შიგ ძმარს, ვყრით მწიკვ მარილს და ცეცხლს ვუწევთ მინიმუმამდე. ფრთხილად ვახლით შიგნით 2 კვერცხს. ზუსტად 1 წუთში გადმოვდგავთ ქვაბს ცეცხლიდან და კვერცხს კიდე 10 წუთი ვტოვებთ წყალში. გამოგვივა თოხლო კვერცხი (ცილა იქნება მოხარშული, ძალიან ნაზი, გული -თოხლო. სანამ კვერცხი მომზადდება, გავჭრათ ფუნთუშა შუაზე და ოდნავ შევბრაწოთ ტაფაზე (ან გავაკეთოთ ჩვეულებრივი ტოსტები). მოვამზადოთ კლასიკური ფრანგული სოუსი- ოლანდეზი. ამისთვის კარგად ავთქვიფოთ კვერცხის გული და ლიმნის წვენი, შემოვდგათ ორთქლზე და ნელ-ნელა ჩავასხათ გამდნარი კარაქი, თან ვთქვიფოთ. როგორც კი მასა კრემისებრი გახდება, სოუსი მზადაა. ავაწყოთ ჩვენი ბუტერბროდი: ფუნთუშას დავდოთ ლორი ან შემწვარი ბეკონი, ქაფქირით ფრთხილად ამოვიღოთ მოხარშული კვერცხი და დავადოთ ლორს, ზევიდან მოვასხათ ჰოლანდიური სოუსი და მოვაყაროთ ცოტა წიწაკა. კვერცხი ბენედიქტი მზადაა! გამოწურეთ ფორთოხლის წვენი და თქვენ მიიღებთ საუზმეს, რომელსაც ყველაზე განთქმული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები სთავაზობენ