რიზოტო სოკოთი
თუ თქვენ ჩემსავით გიყვართ იტალიური სამზარეულო და ბრინჯი, აუცილებლად მოგეწონებათ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი კერძი- რიზოტო სოკოთი.
დაგვჭირდება: 500 გრ ბრინჯი (აუცილებლად მრგვალი, მაგალითად ”არბორიო”) 300-400 გრ სოკო (ყველაზე მარტივია -შამპინიონი, ძალიან კარგი იქნება ტყის სოკოს ნაკრები) 1 თავი ხახვი 2-3 კბილი ნიორი 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი 70 გრ კარაქი 1 კონა ოხრახუში 100-150 გრ გახეხილი პარმეზანი 1 ლ. ბოსტნეულის და სოკოს ბულიონი (უბრალოდ მოხარშეთ ერთად ის ბოსტნეული და სოკო, რომელიც გიყვართ და შემდეგ გადაწურეთ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხორცის ბულიონიც, თქვენი გემოვნებით) 1 ჭიქა მშრალი თეთრი ღვინო მარილი, შავი წიწაკა-გემოვნებით.
წვრილად დავჭრათ ნიორი და მოვხალოთ 4 ს.კ.ზეითუნის ზეთთან ერთად ტაფაზე დაახლოებით ნახევარი წუთი, შემდეგ დავუმატოთ თხლად დაჭრილი სოკო და ვთუშოთ დიდ ცეცხლზე მომზადებამდე. პარალელურად, მეორე ღრმა ტაფაზე მოვასხათ 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, დავდოთ კარაქი და დავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოვთუშოთ, სანამ ოდნავ არ გავარდისფრდება და დავუმატოთ გარეცხილი ბრინჯი. ვთუშოთ საშუალო ცეცხლზე, სანამ ბრინჯი არ შეიწოვს კარაქს და არ გახდება გამჭვირვალე, შემდეგ დავასხათ ღვინო. ღვინო რომ დაშრება, დავუმატოთ თითო-თითო ჩამჩა ბულიონი, თან ხშირ-ხშირად ვურიოთ. ბრინჯი თითქმის მზად რომ იქნება, ჩავუმატოთ სოკო, მარილი, წიწაკა და გავაგრძელოთ ბულიონის ჩასხმა, სანამ ბრინჯი საბოლოოდ არ მოიხარშება. გამოვრთოთ ქურა, მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში, 2/3 პარმეზანი და კიდე ერთხელ კარგად მოვურიოთ. მირთმევის წინ, რიზოტოს ზევიდან მოვაყაროთ კიდე ცოტა პარმეზანი.