ფრიტატა კარტოფილით, ყველით და ჩერი პომიდვრით
ფრიტატა- კერძი, რომელიც ერთნაირად კარგია საუზმეზეც, ვახშამზეც და ლანჩზეც. ფრიტატა ტრადიციული იტალიური ომლეტია, რომელსაც ამზადებენ ყველის, ბოსტნეულის ან ხორცეულის დამატებით. როგორც წესი, მისი მომზადება ქურაზე იწყება და ღუმაელში სრულდება. დღეს ჩვენ გთავაზობთ ფრიტატას კარტოფილით, ყველით და ჩერი პომიდვრით.
დაგვჭირდება: 4 კვერცხი 2-3 კარტოფილი 200 გრ. პომიდორი ჩერი 50 გრ რომელიმე რბილი ყველი 1 ს.კ. გახეხილი პარმეზანი (მე შებოლილი სულგუნი გამოვიყენე) 80 მლ ნაღები მარილი, წიწაკა 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი 50 გრ კარაქი.
გავახუროთ ტაფა, მოვასხათ ზეითუნის ზეთი, დავდოთ კარაქი და მოვბრაწოთ კარტოფილი 10 წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე კარტოფილი უნდა გავარდისფრდეს და დარბილდეს. კვერცხი ავთქვიფოთ ნაღებთან ერთად, დავუმატოთ პარმეზანი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოვასხვათ კვერცხი კარტოფილს, ზევიდან დავადოთ ჩერი და მომცრო ნაჭრებად დაჭრილი რბილი ყველი. დავუწიოთ ცეცხლს და 5 წუთი ვამზადოთ. წესით, შემდეგ ტაფა უნდა ჩავდგათ ღუმელში და 10 წუთი ვაცხოთ ჩვენი ფრიტატა 200 გრადუსზე. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია უფრო მარტივადაც მოვიქცეთ- დავახუროთ ტაფას თავსახური და დავტოვოთ დაბალ ცეცხლზე მომზადებამდე. მზა ფრიტატას მოაყარეთ მწვანილი თქვენი გემოვნებით და გემრიელად მიირთვით!