ფუნთუშები
დღეს თუ ჩვენთვის ცოტა მეტ დროს გაიმეტებთ და მარტივზე ოდნავ რთული საქმის არ შეგეშინდებათ, გამოაცხობთ შინაურ ფუნთუშებს! საფუარიანი ცომის გასაცნობად კარგი მცდელობა იქნება, მით უმეტეს,აღდგომა მოდის და ჩვენ უგემრიელესი შინაური პასკების რეცეპტები გვაქვს თქვენთვის შემონახული.
მაშ ასე, დაგვჭირდება: 550 გრ ფქვილი 2 ჩ.კ. საფუარი 350 მლ რძე 70 გრ კარაქი 2-3 ს.კ. შაქარი 1 ჩ.კ. მარილი სეზამის მარცვლები, ყაყჩოს თესლი, დარიჩინი- თქვენი გემოვნებით, რაც გესიამოვნებთ
ნახევარი რძე გადმოვასხათ ჯამში, შევთბოთ ნელ ცეცხლზე, ჩავდოთ შიგნით კარაქი და გავალღვოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავხსნათ შიგნით შაქარი და მარილი, შემდეგ დავუმატოთ დანარჩენი რძე. ფქვილი ჩავყაროთ მოზრდილ ჯამში, დავამატოთ საფუარი, ჩავასხათ შიგნით რძე და კარგად მოვზილოთ. უნდა ვზილოთ დაახლოებით 15 წუთი, გამოგვივა მკვრივი და პრიალა ცომი. გადავაფაროთ ცელოფანი და დავდოთ 1 საათით თბილ ადგილას ამოსაფუებლად. შეგიძლიათ შედგათ ღუმელში 30 გრადუსზე. ამოფუებული ცომისგან გამოვძერწოთ ფუნთუშები. მომცრო ჭურჭელში ავადუღოთ დაახლოებით 1,5 ლ წყალი. ადუღებულ წყალში ჩავდოთ თითო-თითო ფუნთუშა, გავაჩეროთ დაახლოებით 20-30 წამი და ამოვიღოთ. გადავიტანოთ საცხობ ფირფიტაზე. მოვაყაროთ სეზამი, ყაყაჩო ან დარიჩინი-რაც გაგიხარდებათ და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!