top of page

პასკა ქიშმიშით, ცუკატებით და ნუშით

გვიახლოვდება ბრწყინვალე დღესასწაული, ქრისტეს აღდგომა! ჩვენც სპეციალურად მოგიმზადეთ რამოდენიმე საინეტერსო რეცეპტი თქვენი სააღდგომო სუფრისთვის. წითელ კვერცხებთან ერთად, სააღდგომო სუფრის მთავარი სიმბოლო, რა თქმა უნდა, პასკაა. პასკის გამოცხობა ძალიან მარტივი საქმე არაა, მაგრამ თუ საქმეს მონდომებით, კეთილი განწყობით და ღიმილით შეუდგებით, ყველაფერი გამოგივათ! დღეს შემოგთავაზებთ ჩვენი ფავორიტი პასკის რეცეპტს- ქიშმიშით, ცუკატებით და ნუშით.

დაგვჭირდება: 500 მლ რძე 2 ს.კ. საფუარი 200 გრ კარაქი 100 გრ არაჟანი 1,5- 2 ჭ. შაქარი (გააჩნია რამდენად ტკბილი გიყვართ) 4 კვერცხი + 2 კვერცხის გული 1-1,2 კგ ფქვილი დანის წვერზე მარილი 1-2 ლიმნის ცედრა 150 გრ წვრილად დაჭრილი ნუში 100 გრ ქიშმიში 100 გრ ცუკატი 0,5 ჩ.კ. მუსკატი 0,5 ჩ.კ. კარდამონი დანის წვერზე ვანილი 3-4 ს.კ. რომი.

250 მლ რძე დავდგათ დაბალ ცეცხლზე, ჩავდოთ კარაქი და დაველოდოთ კარაქის გალღვობას. შემდეგ გადმოვდგათ, დავუმატოთ 5 ს.კ. შაქარი, მარილი. რომ გაიხსნება, ჩავასხათ დანარჩენი ცივი რძე. შევამოწმოთ ტემპერატურა (უნდა იყოს სასიამოვნოდ თბილი, მაგრამ არა ცხელი) და დავუმატოთ საფუარი და1 ჭ. ფქვილი და კარგად მოვურიოთ. გადავაფაროთ ცელოფანი და დავდგათ 20-25 წუთით თბილ ადგილას. ამასობაში კარგად ავთქვიფოთ კვერცხი, კვერცხის გული, დარჩენილი შაქარი, არაჟანი. დავუმატოთ მუსკატი, კარდამონი,ვანილი, ლიმნის ცედრა. შევამოწმოთ ჩვენი ცომი. უნდა იყოს აფუებული და გაზრდილი მინიმუმ ორჯერ. შევურიოთ ფრთხილად კვერცხიანი მასა, დავუმატოთ დანარჩენი ფქვილი და კარგად მოვზილოთ. ცომი არ უნდა იყოს სქელი, მაგრამ, არც ძალიან თხელი უნდა იყოს. ისევ დავდგათ სითბოში 1,5-2 საათით. მოვამზადოთ ცუკატები და ქიშმიში: გავრეცხოთ და დავასხათ ცხელი რომი. კარგად გაღვივდება ამ რომში. დრო რომ გავა და ცომი კიდე ორჯერ რომ გაიზრდება, შევაზილოთ ქიშმიში, ცუკატი და ნუში (ცოტა შეგვიძლია გადავდოთ მოსართავად). გადავდოთ ჩვენი პასკა ფორმებში, ისე, რომ მხოლოდ 1/3 შეავსოს და კიდე დავდოთ თბილ ადგილას 1,5-2 საათით ამოსაფუებლად, შემდეგ შევდოთ ღუმელში. ზევიდან შეგვიძლია მოვაყაროთ ცუკატები ან ნუში. ვაცხობთ 180 გრადუსზე პირველი 10 წუთი, შემდეგ კიდე დაახლოებით 45-60 წუთი (ზომას გააჩნია) ვაცხობთ 160 გრადუსზე. გამომცხვარი პასკები დავტოვოთ 10 წუთი გამორთულ ღუმელში, შემდეგ გამოვიღოთ. გაგრილებულ პასკებს მოვაყაროთ შაქრის პუდრა. ქრისტე აღსდგა!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page