ახალი მწვანე ტყემალი
ყველაზე მეტად მე სწორედ ასეთი ტყემალი მიყვარს- ახალი, მწვანე, ქორფა მწვანილებით და ნივრით შეზავებული, ოდნავ ცხარე. დედაჩემის რეცეპტს გიზიარებთ.
დაგვჭირდება:
1 კგ ტყემალი
5 კბილი ახალი ნიორი
1 მწარე მწვანე წიწაკა
1 საშუალო კონა აყვავებული ქინძი
1 საშუალო კონა კამა
რამოდენიმე ღერი ომბალო
მარილი
ტყემალი კარად გავრეცხოთ, გადავიტანოთ ქვაბში, დავასხათ 2 ჭიქამდე წყალი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. დიდხანს ხარშვა არ დასჭირდება, მალე ჩაითუთქება და დარბილდება. გადავწუროთ, წვენი შევინახოთ და გავხეხოთ. გავაზავოთ თავისივე წვენით სასურველ სისქემდე. მწვანილი, ნიორი, წიწაკა დავაბლენდეროთ, დავამატოთ ტყემალს მარილთან ერთად და კარგად მოვურიოთ. თუ ცხარე გიყვართ, მწვანე წიწაკასთან ერთად შეგიძლიათ დაუმატოთ დაფქული წითელი წიწაკაც.
გაითვალისწინეთ, რომ ახალი მწვანე ტყემალი გახეხვის შემდეგ სქელდება. ამ შემთხვევაში, დავუმატოთ გადანახული წვენი ან ანადუღარი წყალი.
გემრიელად მირთვით!