ბადრიჯანი სტაფილოს შიგთავსით
როგორც თქვენ ალბათ უკვე შეამჩნიეთ, ჩვენ ვცილბთ სეზონის მიხედვით ავარჩიოთ პროდუქტები და შესაბამისი რეცეპტები შემოგთავაზოთ. ამას რამოდენიმე მიზეზის გამო ვაკეთებთ.
უპირველეს ყოვლისა, პროდუქტები სეზონზე გაცილებით უფრო სასრგებლო და გემრიელია, ვიდრე სათბურში მოყვანილი ან იმპორტირებული. ამის გარდა, სეზონზე მათი ფასიც იკლებს და ყველასათვის ხელმისაწვდომი ხდება.
ამ სეზონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტი- ბადრიჯანია- ვიტამინებით სავსე, ძალიან სასარგებლო ბოსტნეული. ზაფხულის განმავლობაში ჩვენ კიდე არაერთ საინტერესო რეცეპტს შემოგთავაზებთ. დღეს კი მარტივი და გემრიელი-ბადრიჯანი სტაფილოს შეგთავსით მოვამზადოთ.
დაგვჭირდება:
1 კგ. ბადრიჯანი
3-4 სტაფილი
3-4 კბილი ნიორი
1 კონა ქინძი
100-150 გრ მაიონეზი (რა თქმა უნდა შინაური მაიონეზი ჯობია)
მარილი გემოვნებით
ზეთი შესაწვავად
ბადრიჯანი გავრეცხოთ, მოვაჭრათ ყუნწი და დავჭრათ სიგრძეზე თხელ ნაჭრებად. მოვაყაროთ მარილი და გადავდოთ ცოტა ხნით.
მანამდე მოვამზადოთ შიგთავსი- წვრილ სახეხზე გავხეხოთ სტაფილო და ნიორი, წვრილად დავჭრათ ქინძი და ეს ყველაფერი ერთად შევაზავოთ მარილით და მაიონეზით.
ამასობაში, ბადრიჯანს გაუვიდოდა წყალი; გავწუროთ და შევწვათ ტაფაზე ზეთში.
ბადრიჯანი შეწვის დროს ბევრ ზეთს საჭიროებს, ამიტომ მე გირჩევთ გამოიყენოთ რომელიმე ისეთი ტაფა, რომელიც ნაკლებ ცხიმს საჭიროებს, მაგალითად კერამიკის. ამის გარდა, შემწვარი ბადრიჯანი აუცილებლად დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, ზედმეტი ზეთი რომ შეიშროს.
შემწვარი ბადრიჯანი რომ შეგრილდება, გადაუსვით სათითაოდ შიგთავსი და გადაკეცეთ შუაზე. ჩვენი ბადრიჯანი მზადაა.
კარგი დამატება იქნება შემწვარი კარტოფილი. ასევე, ძალიან მოუხდება მჭადი.
გემრიელად მიირთვით!