top of page

რატატუი


დღეს ჩვენ დისნეის მულტფილმის გმირის, კულინარიაზე შეყვარებული თაგვი რემის საფირმო კერძი - რატატუი მოვამზადოთ.

სინამდვილეში, ამ კერძს ფრანგულ პროვანსში გლეხები ამზადებდენ. თავიანთ განთქმულ მწვანიელებს და სანელებლებს უმატებდენ და იმ გასაოცარ გემოს აღწევდენ, მულტფილმში ცნობილი კულინარიული კრიტიკოსი რომ განაცვიფრა. შევეცადოთ ჩვენც, მით უმეტეს, რომ ქორფა ქართული მწვანილიც საოცრად არომატულია.

დაგვჭირდება:

2 მოხრდილი ბადრიჯანი

2 ცუკინი (შეეცადეთ ბადრიჯანი და ცუკინი ერთი ზომის იყოს)

1 კგ პომიდორი

2 ცალი ბულგარული წიწაკა

2 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

1 მწარე მწვანე წიწაკა (თუ ცხარე არ გიყვართ, ნუ დაუმატებთ)

პატარა კონა შაშკვლავი ან რეჰანი

პატარა კონა წინძი

2 ღერი ქონდარი

2 ს.კ. ზეითუნის ზეთი

მარილი

თხელ რგოლებად დავჭრათ ბადრიჯანი, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ 15-20 წუთით. შემდეგ გადავწუროთ, გავამშრალოთ ქაღალდის ხელსახოცით.

ასევე, რგოლებად დავჭრათ ცუკინი და პომიდვრის ნაწილი. 2 ცალი პომიდორი გადავინახოთ.

ტაფაზე ზეითუნის ზეთში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. გადადებულ პომიდორს გავაცალოთ კანი (ამისათვის ჩავდოთ მდუღარე წყალში), დავრათ და დავუმატოთ ხახვს. იქვე დავამატოთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა. კარგად მოვთუშოთ ყველაფერი ერთად. შემდეგ ეს სოუსი ჩავასხათ ფორმაში, რომელშიც ვაპირებთ რატატუის გამოცხობას. ჩავალაგოთ ფორმაში დაჭრილი ბადრიჯანი, ცუკინი და პომიდორი რიგრიგობით, ერთმანეთის მიყოლებით.

ცალკე ჯამში გავჭყლიტოთ ნიორი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, მწარე წიწაკა, მარილი, ზეითუნის ზეთი და კარგად ავსრისოთ.

მოვასხათ ეს ნაზავი ჩვენს ბოსტნეულს, გადავაფაროთ ფორმას ფოლგა და შევდოთ ღუმელში 20-25 წუთით 180 გრადუსზე. შემდეგ მოვხსნათ ფოლგა და კიდე 15-20 წუთი გამოვაცხოთ.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page