გარგარის ჯემი
ტრივიალური საღამოს ჩაი ერთმა ქილა გარგრის ჯემმა ნამდვილ დღესასწაულად შეიძლება აქციოს. დღეს სწორედ ამ ჯემს (კონფიტურს) მოვამზადებთ, მით უმეტეს, რომ საკმაოდ მარტივია და თან გარგრის ჯემი განსაკუთრებულად მოთხოვნადია ნამცხვრების და სხვა დესერტების მოსამზადებლადაც. სახლში მომზადებული ჯემი კი განსაკუთრებულად გემრიელია და არომატულია.
გარგრის ჯემის მოსამზადებლად აარჩიეთ საღი ხილი. არუნდა იყოს ძალიან დამწიფებული და რბილი. მაგარი და მკვრივი ხილი გამოიმუშავებს მეტ პეკტინს და ჯემის კონსისტენცია ამ შემთხვევაშ საუკეთესო გამოდის.
დაგვჭირდება:
1 კგ გარგარი
700-800 გრ შაქარი (გააჩნია რამდენად ტკბილი გიყვართ)
ნახევარი ლიმნის წვენი ან 1 პატარა შეკვრა ლიმონმჟავა (2 გრ)
1 შეკვრა ჟელფიქსი ("კვიტინი", "ჟელინკა"), თუმცა, აუცილებელი არ არის
ვანილი
ხილი კარგად გავრეცხთ, გამოვაცალოთ კურკები, მოვათავსოთ ემალირებულ ჯამში და ფებნა-ფენა მოვაყაროთ შაქარი. ასე გავაჩეროთ 4-5 საათი. როცა გამოყოფს წვენს და შაქარი გადნება, დავუმატოთ ლიმნის წვენი ან ლიმონმჟავა (ამას იმისთვის ვაკეთებთ, რომ ჯემს არ შეეცვალოს ფერი ჰქონდეს კარგი კონსისტენცია) და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ხშირად ვურიოთ ხის კოვზით. ქაფს თუ მოიდებს, მოვაშოროთ.
როცა კარგად ადუღდება, გამოვრთოთ ქურა და ვაცადოთ გაგრილება. თუ ერთგვაროვანი კონსისტენცია გინდათ რომ მიიღოთ, ეს მასა დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით, ხოლო თუ ხილის ნაწილაკებიანი ჯემი უფრო გსიამოვნებთ, მაშინ არ სჭირდება.
გაგრილების შემდეგ, დაუმატეთ ჟელფიქსი, თუმცა ეს აუცილებელი არ არის, ამის გარეშეც ჯემს მკვრივი კონსისტენცია ექნება. ჟელფიქსი კიდე უფრო მეტად გაამკვრივებს. შემდეგ ჯემი ხელახლა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ისევ წამოვადუღოთ. დავუმატოთ ვანილი, ვადუღოთ დაახლოებით 3-4 წუთი და თან ფრთხილად ვურიოთ ხის კოვზით. შემდეგ გამოვრთოთ ქურა და ცხელი ჯემი ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.
გემრიელად მიირთვით!
P.S. განსაკუთრებულ პიკანტურ გემოს გარგრის ჯემს ანიჭებს ასევე დარიჩინი. ვანილის ნაცვლად (ან მასთან ერთად) შეგიძლიათ ერთი ჩაის კოვზი დარიჩინიც დაუმატოთ.