ლიმნის ნაყინი ვანილით
“ბაბუაწვერას ღვინო. ეს სიტყვები ენაზე ზაფხულის გემოს ტოვებდნენ. თავად ღვინო კი შეჩერებული და მოხუფული ზაფხულია”
გუშინ, როცა მაყვლის ნამცხვართან ერთად ნაყინი ვახსენეთ, მაშინვე გამახსენდა რეი ბრედბერის ეს არაჩვეულებრივი წიგნი, დაგლას სპოლდინგი, ბილ ფორესტერი, ტენისის ახალი ფეხსაცმელი და, რა თქმა უნდა, ლიმნის ნაყინი ვანილით!
ჰოდა, სწორედ ასეთ ნაყინს მოვამზადებთ დღეს.
დაგვჭირდება:
4 კვერცხის გული
500 მლ მაღალცხიმიანი ნაღები
2-3 ლიმონი
150 გრ შაქარი
ვანილი დანის წვერზე
დაგვჭრდება ერთი ლიმნის ცედრა და ყველა ლიმნის წვენი (ეს წვენი დაახლოებით 100-120მლ უნდა გამოვიდეს).
კარგად გავთქვიფოთ კვერცხის გულები შაქართან და ლიმნის წვენთან ერთად.
ნაღებს დავუმატოთ ვანილი, ლიმნის ცედრა და დაბალ ცეცხლე მივიყვანოთ ადუღებამდე, მაგრამ არ ავადუღოთ. დავუმატოთ კვერცხის მასა და გავაგრძელოთ დაბალ ცეცხლზე გათბობა, თან არ დაგვავიწყდეს მორევა. მასა უნდა გასქელდეს და კრემისებრი გახდეს.
შემდეგ გავაგრილოთ და მოვათავსოთ კონტეინერში. დავახუროთ თავსახური და შევდოთ მაცივარში 2 საათით.
შემდეგ გამოვიღოთ ნაყინი მაცივრიდან. ის უკვე გასქელებული იქნება. კიდე კარგად გავთქვიფოთ. და შევდოთ ნაყინი უკვე საყინულეში.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ნაყინი ისევ უნდა გამოვიღოთ და ავთქვიფოთ, შემდეგ ისევ შევდოთ საყინულეში. ასე მოვიქცეთ კიდე 4ჯერ.
ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნაყინი თანაბრად გაიყინოს, გამოვიდეს ერთგვაროვანი და მასში არ იყოს ყინულის კრისტალები.
ნუ დაგეზარებათ! ოდნავ შრომატევადია, მაგრამ მერწმუნეთ, შინაური ნაყინი მაღაზიის ნაყინზე გაცილებით გემრიელია.
როგორც კი კონსისტენცია ერთგვაროვანი გახდება და კრისტალები დაიშლება, ჩვენი ნაყინი მზადაა.
მე გირჩევთ, მიირთვით ლიმნის ნაყინი "ბაბუაწვერას ღვინოსთან" ერთად!