შავი ქლიავის ჯემი დარიჩინით
დღეს ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ მურაბების და ჯემების სერიას და ამჟამად შავი ქლიავის ჯემს, გნებავთ კონფიტურს, შემოგთავაზებთ. ჩვენი ჯემის გამორჩეულ არაჩვეულებრივ ნოტებს საიდუმლო ინგრედიენტი- დარიჩინი განაპირობებს.
დაგვჭრდება:
2 კგ შავი ქლიავი (არ უნდა იყოს გადამწიფებული)
1 კგ შაქარი (შეგიძლიათ შაქრის რაოდენობა 800 გრამამდეც შეამციროთ)
სურვილისამებრ, 1 ჩ.კ. დარიჩინი
2 პაკეტი ჟელფიქსი (კვიტინი, ჟელინკა...)
ქლიავი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკა და დავაყაროთ შაქარი. მოვურიოთ და დავტოვოთ 4-5 საათით. ხილი გამოუშვებს წვენს და შაქარიც დადნება. ამის შემდეგ, წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ გადავდგათ და გავაგრილოთ.
გაგრილებული ჯემი დავაბლენდეროთ ხელის ბლენდერით ან გავხეხოთ, დავუმატოთ დარიჩინი და ისევ დავდგათ მოსახარშათ. ადუღების შემდეგ კიდე 10-15 წუთი ვხარშოთ, შემდეგ დავუმატოთ ჟელფიქსი, მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა. მაშინვე ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.
ცივ ზამთარში ეს გემო და არომატი განსაკუთრებულად სასიამოვნოა. ასევე, დარიჩინიანი ქლიავის ჯემი ძალიან უხდება ნამცხვრებს და სხვა დესერტებს. ერთხელ სცადეთ და ტრადიციული ვაშლის შტრუდელი სწორედ ამ ქლიავის ჯემით გამოაცხეთ. თავად დარწმუნდებით!