ატმის და კენკრას ნამცხვარი
კვირა საღამოსთვის უგემრიელესი ნამცხვრის გამოცხობ გადავწყვიტეთ. სანამ კენკრა მოილევა, ესეც უნდა მოვასწროთ.
დაგვჭირდება:
100 გრ დარბილებული კარაქი
1 ჭიქა შაქარი
2 კვერცხი
2 ს.კ. მაწონი
2 ს.კ. არაჟანი
1,5 ჭიქა ფქვილი
სოდა ძმრით, ვანილი
2 ატამი ან ვაშლატამა
100 გრ კენკრა (მოცხარი, მოცვი, თუნდაც ჟოლო)
1 ს.კ. ყავისფერი შაქარი (თუ ვერ იშოვით, აიღეთ ჩვეულებრივი, თეთრი)
შაქრის პუდრა
კარაქი, შაქარი და კვერცხი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი, არაჟანი, მაწონი. ყველაფერი ერთად ავთქვიფოთ ერთგვაროვან მასამდე. ბოლოს დავუმატოთ სოდა ძმრით და ფქვილი და ფრთხილად ავურიოთ.
მოვამზადოთ საცხობი ფორმა. ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი. გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსამდე.
გადავდოთ ჩვენი ცომი ფორმაში. გადავასწოროთ. დავალაგოთ ზევიდან ლამაზ ნაჭრებად დაჭრილი გაფცქვნილი ატამი, მოვაყაროთ 2/3კენკრა, ზევიდან კი მოვაყაროთ ყავისფერი შაქარი.
გამოვაცხოთ დაახლოებით 25 წუთი, სანამ არ გაოქროსფერდება. მზადყოფნა შეგვიძლია შევამოწმოთ სპეციალური ჩხირით.
ღუმელიდან გამოღებამდე 5 წუთით ადრე მოვაყაროთ გადანახული კენკრა.
გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!