ლეღვის მურაბა
დღეს ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მურაბას ვაკეთებთ. ლეღვის მურაბის მომზადების ბევრი ხერხი არსებობს, მე ვამზადებ ისე, როგორც ამას ჩემი ბებია და დედა აკეთებდენ. მათი მურაბა განსაკუთრებით გემრიელი, გამჭვირვალე, ლამაზი ოქროსფერია.
ლეღვის მურაბისთის შეგიძლიათ შავი ლეღვიც გამოიყენოთ, მაგრამ გამორჩეულად ლამაზი და გემრიელი თეთრი, მომცრო ზომის შეკრული ლეღვისგან გამოდის.
დაგვჭირდეა:
1კგ ლეღვი
1 კგ შაქარი
2- 2,5 ჭ წყალი
ლეღვი გავრეცხოთ. სათითაოდ ყველა დავჭხვლიტოთ ხის ჩხირით, წავათალოთ ყუნწები ისე, რომ ბოლოები ისრებივით ჰქონდეთ. ამას ბებიაჩემი აკეთებდა ყოველთვის და ჩვენც ბავშობაში ყველაზე მეტად ხილის სწორედ ეს ნაწილი მოგვწონდა.
შაქრისგან და წყლისგან მოვხარშოთ სიროპი.
ჩავდოთ მომზადებული ლეღვი სიროპში და გავაგრილოთ. შემდეგ დავდგათ ქურაზე, წამოვადუღოთ და ისევ გავაგრილოთ. უმჯობესია, დავტოვოთ ამ სიროპში დილამდე.
მეორე დილას ისევ წამოვადუღოთ, დავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე და ვხარშოთ მზადყოფნამდე, დაახლოებით 2-2,5 საათი.
მურაბა მზადაა, როცა ლეღვი გახდება გამჭვირვალე, ხოლო მისი წვენი გასქელდება.
მომზადებული ცხელი მურაბა ჩავასხათ გასტერილებულ ქილებში და მოვხუფოთ.