კრევეტები ნივრით, ლიმნით და წიწაკით თეთრ ღვინოში
ზღვის პროდუქტი თუ გიყვართ, დღეს თქვენი დღეა!
ამ რეცეპტით მომზადებული კრევეტები განსაკუთრებით მიყვარს, რადგან ძალიან მარტივად მზადდება, და თან უგემრილესია. სოუსი კი ისეთი გამოდის, რომ საკმარისი არასდროსაა. მოკლედ, გთავაზობთ თავად სცადოთ!
დაგვჭირდება:
დაახლოებით 20 ცალი მოზარდილი კრევეტი
3 კბილი ნიორი
პატარა კონა ოხრახუში
ნახევარი ლიმნის წვენი
შავი წიწაკა
წითელი ცხარე წიწაკა ან ჩილი
მარილი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
70 გრ კარაქი
150 -200 მლ თეთრი მშრალი ღვინო
გავახუროთ ტაფა, დავასხათ ზეთი. დავუმატოთ კარაქი, შემდეგ დანით დაჭყლეტილი ნიორი და ცხარე წიწაკა და 1 წუთი ვხალოთ, ნიორმა და წიწაკამ თავისი არომატი რომ გამოუშვას (წიწაკის რაოდენობა თავად განსაზღვრეთ, გააჩნია რამდენად ცხარე გიყვართ, მაგრამ ნახევარ ჩაის კოვზს ნუ გადააჭარბებთ).
შემდეგ დავყაროთ ტაფაზე გასუფთავებული კრევეტები. ვხალოთ, სანამ ფერს არ შეიცვლიან.
დავამატოთ ლიმნის წვენი, ღვინო, მარილი, შავი წიწაკა და კარგად მოვურიოთ. ერთ-ორ წუთში მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და გამოვრთოთ ქურა.
პარასკევს საღამოს ჩვენ კრევეტებს განსაკუთრებულად დაამშვენებს ერთი ბოთლი კარგად ჩაციებული მსუბუქი მშრალი თეთრი ღვინო.
გემრიელად მიირთვით!