გამომცხვარი პური ყველით, ნივრიანი კარაქით და მწვანილებით
არაფერია ხრაშუნა, არომატულ პურზე გემრიელი! მით უმეტეს, თუ ეს პური ყველით, მწვანილებით და ნივრითაა შეზავებული! თან ასეთი პურის მომზადება უმარტივესია და ძალიან მოუხდება შაბათ-კვირს გვიან საუზმეს!
დაგვჭირდება:
1 წინა დღის პური
100 გ ყველი (განსაკუთრებით ჰოლანდიური ყველი უხდება, მაგრამ შეგიძლიათ ნებისმიერი გამოიყენოთ, თქვენი გემოვნებით)
100 გ დარბილებული კარაქი
3 კბილი ნიორი
კამა, ოხრახუში და სხვა- თქვენი გემოვნებით
ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, ნიორი გავჭყლიტოთ, მწვანილი წვრილად დავჭრათ.
კარგად ავურიოთ ყველაფერი კარაქთან ერთად.
პური დავსეროთ ჯერ სიგრძეზე, შემდეგ სიგანეზე, ჯვარედინად. ბოლომდე არ უნდა ჩავჭრათ.
შევავსოთ პური კარაქიანი ნაზავით. შევეცადოთ არ გამოვტოვოთ არცერთი უჯრედი.
შევახვიოთ პური ფოლგაში და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15-20 წუთი. ბოლო 5 წუთი მოვხსნათ ფოლგა ზევიდან, პური რომ დაიბრაწოს.
გამომცხვარი პური ბოლომდე ჩავჭრათ ისე, როგორც გვქონდა დასერილი.
გემრიელად მიირთვით!