ჩიზქეიქი მოჰიტო
თუ თქვენც ჩემსავით გიყვართ კოკტეილი "მოჰიტო" ან, ზოგადად, ლაიმისა და პიტნის შეხამება მოგწონთ, აუცილებლად სცადეთ ამ ნამცხვრის მომზადება.
საერთოდ, ჩიზქეიქი არ მიეკუთვნება ყველაზე მარტივ და იაფიან ნამცხვრების სიას, მაგრამ ხანდახან ნამდვილად ღირს წვალება, მით უმეტეს, როცა შედეგად ასეთ არაჩვეულებრივ დესერტს ვიღებთ.
დაგვჭირდება:
350 გ შაქარი
200 გ პიტნა
500 გ ორცხობილა
100 გ კარაქი
650-700 გ კრემჩიზი
200 მლ არაჟანი ან მაღალცხიმიანი ნაღები
1 ს.კ. სახამებელი
3 კვერცხი
1 ლიმნის წვენი და ცედრა
1 ლაიმის წვენი და ცედრა
3 ს.კ. რომი
ვანილი
პიტნის ნაზი ფოთლები და შაქარი კარგად დავაბლენდეროთ.
ორცხობილა, დარბილებული კარაქი და 3 ს.კ. პიტნიანი შაქარი ასევე დავაბლებდეროთ. შემდეგ ცომი ჩავდოთ ფორმაში, რომელსაც ეხსნება გვერდები და ტკეპნით თანაბრად გავანაწილოთ ფსკერზე.
შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით, სანამ არ შევარდისფრდება. შემდეგ გამოვითოთ ჩვენი ძირი ღუმელიდან და გავაგრილოთ ოთახის ტემპერატურამდე.
კრემჩიზი და 80 მლ არაჟანი (ნაღები) კარგად გავთქვიფოთ მიქსერით, შემდეგ ნელ-ნელა დავუმატოთ სახამებელი და ერთი ჭიქა პიტნიანი შაქარი (უნდა დაგვრჩეს 1-2 ს.კ.), შემდეგ თითო-თითო კვერცხი და გავაგრძელოთ თქვეფა. ბოლოს ვუმატებთ ლაიმის და ლიმნის წვენს, ცედრას და რომს.
ფრთხილად გადმოვდოთ შიგთავსი გამომცხვარ ძირზე და შევდოთ ჩიზქეიქი გამოსაცხობად. ღუმელს ვახურებთ 180 გრადუსამდე და ქვედა თაროზე ვათავსებთ დიდ ტაფას, რომელიც ნახევრად სავსე იქნება მდუღარე წყლით, ხოლო ჩიზქეიან ფორმას ვათავსებთ ღუმელის საშუალო თაროზე. ასე ნამცხვარი ორთქლში გამოცხვება.
უფრო მარტივად, შეგვიძლია გამოვაცხოთ ჩვენი ჩიზქეიქი 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ორთქლის გარეშე, მაგრამ პირველი ხერხი უფრო საიმედოა. ნამცხვარი დაახლოებით ერთი საათი ცხვება. გული გაუმყარდება და ამით მიხვდებით, რომ მზადაა.
დარჩენილი არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ ვანილთან ერთად და გავანაწილოთ თანაბრად გამომცხვარი ჩიზქეიქის ზედაპირზე. ამის შემდეგ, შევდოთ ღუმელში კიდე 10 წუთით.
გამომცხვარი ჩიზქეიქი უნდა დავტოვოთ გამორთულ, კარგაღებულ ქურაში დაახლოებით 1 საათი, ამის შემდეგ კი უნდა გადავაფაროთ ფოლგა და შევდოთ მაცივარში მინიმუმ 8-10 საათით.
ცივი ნამცხვარი გამოვიღოთ მაცივრიდან და მოვხსნათ ფორმას გვერდები. ამისათვის გადავუსვათ გვერდებზე ცხელ წყალში დასველებული დანა.
მორთეთ ნამცხვარი ლაიმით და პიტნით და გემრიელად მიირთვით!