გოგრის კრემ-სუპი
ამასობაში, ნამდვილი შემოდგომაც მოვიახლოვდა და პირველი, რაც გამახსენდა, ეს გოგრის სუპია. ძალიან გემრიელი, სასარგებლო და ნამდვილი შემოდგომის ფერი.
დაგვჭირდება:
500 გ გოგრა
2-3 საშუალო ზომის კარტოფილი
1 სტაფილო
1 თავი ხახვი
ნახევარი ჩ.კ. გახეხილი ჯინჯერი
20 გ კარაქი
150 მლ ნაღები
მარილი
წიწაკების მიქსი
2 ს.კ. გარჩეული გოგრის თესლი
ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ კარაქში (შეგიძლიათ ზეთშიც, როგორც მეტად გიყვართ). დავუმატოთ დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო, ცოტა მოვთუშოთ და შემდეგ დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი და გოგრა. ესეც ცოტა მოვთუშოთ, მაგრამ არ უნდა შევწვათ. შემდეგ დავუმატოთ წყალი, ისე რომ კარგად ფარავდეს ბოსტნეულს და მოვხარშოთ. ასევე, წყლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ბულიონი, მაგრამ ჩემს ოჯახის წევრებს ვეგეტარიანული ვარიანტი უფრო მოსწონთ.
როცა ბოსტნეული მოიხარშება, დავუმატოთ გახეხილი ჯინჯერი, მარილი და დავაბლენდეროთ.
ბოლოს ვუმატებთ ნაღებს, მიგვყავს ადუღებამდე და გამოვრთავთ ქურას.
ჩვენი გოგრის კრემ-სუპი მზადაა. მირთმევის წინ მოვაყაროთ ცოტაოდენი გოგრის თესლები და წიწაკბის მიქსი. ძალიან უხდება კრუტონები ან ორცხობილები, რომლის რეცეპტიც ვენ ადრე დავდეთ ჩვენს გვერდზე.
გემრიელად მიირთვით!
P.S. გოგრა შეგიძლიათ წინასწარ მოხარშოთ ან ღუმელშ გამოაცხოთ. ამ შემთხვევაში, კარტოფილს თუშავთ ხახვთან და სტაფილოსთან ერთად, ხოლო გოგრას მერე უმატებთ, წყალთან ერთად და ვხარშავთ.