გამომცხვარი ზიტი
ლაზანიას მშვენიერი ალტერნატივა, გაცილებით მარტივი მოსამზადებელი გამომცხვარი მოკლე პასტა ხორცისა და ყველის არაჩვეულებრივი შიგთავსით ჩემი ოჯახის წევრების ერთ-ერთი უსაყვარლესი კერძია.
შეგიძიათ ეს კერძი კლასიკური ლაზანიას ორი სოუსით- ბეშამელითა და ბოლონეზათი მოამზადოთ, მაგრამ დღეს გაცილებით უფრო მარტივ, მაგრამ არანაკლებ გემრიელ და ნოყიერ ვარიანტს შემოგთავაზებთ მთელი ოჯახისთვის.
დაგვჭირდება: 500 გ მოკლე პასტა (პენე , ფარფალე, ფუზილი)
150-200 გ პარმეზანი (ან რომელიმე სხვა მყარი ყველი)
100 გ ყველი რიკოტა ან ნადუღი (თუ არ მოგეპოვებათ, ამ პროდუქტის გარეშეც შეგიძიათ მოამზადოთ)
500 გ საქონლის ხორცის ფარში (შეგიძლიათ შერეული ფარშიც გამოიყენოთ)
4-5 პომიდორი ან 1 ქილა პომიდვრის კონსერვი (გაფცქვნილი პომიდორი საკუთარ წვენში)
1 ხახვი
1 სტაფილო
3 ღერი ნიახური
2-3 კბილი ნიორი
2 ცალი ბულგარული წიწაკა (მეტი არომატისთვის სხვადასხვა ფერის აირჩიეთ) 2ს.კ. ზეითუნის ზეთი
50 გრ კარაქი მარილი, წიწაკა-თქვენი გემოვნებით
პასტა მოვხარშოთ მარილწყალში ალ დენტე, გადავწუროთ.
სურვილისამებრ, პასტას ავურიოთ რიკოტა ან ნადუღი.
ღრმა, სქელძირიან ტაფაზე გავახუროთ ზეითუნის ზეთი, დავამატოთ კარაქი, ჩავდოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაბალ ცეცხლზე ვთუშოთ, სანამ ხახვი არ გახდება გამჭვირვალე. დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ან გახეხილი სტაფილო და ნიახური, წვრილად დაჭრილი ნიორი, ბულგარული, ცოტა მოვუმატოთ ცეცხლს და ვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ, ჩავამატოთ ფარში და ვთუშოთ, სანამ ფარში არ შეიცვლის ფერს. დავუმატოთ კანგაცლილი წვრილად დაკეპილი ცოცხლაი პომიდოროი ან კონსერვირებული პომიდორი წვენთან ერთად. ბოლოს დავუმატოთ მარილი და წიწაკა, დაბალ ცეცხლზე ოდნავ მოვთუშოთ და გადავდგათ.
მაღალპირიან ცეცხლგამძლე ფორმაში ჩავასხათ ხორცის სოუსის მესამედი, შემდეგ დავალაგოთ ზევიდან ნახევარი ულუფა პასტა. პასტას მოვაყაროთ ნახევარი პორცია გახეხილი პარმეზანი, ისევ მოვასხათ ხორცის სოუსი. შემდეგი ფენა - დარჩენილი პასტაა. პასტას მოვასხათ უკანასკნელი პორცია ხორცი და ზევიდან მოვაყაროთ დარჩენილი გახეხილი პარმეზანი.
ფორმას გადავაფაროთ ფოლგა და შევდგათ ღუმელში. ვაცხობთ დაახლოებით 30წუთი 180 გრადუსზე და კიდე 5-10 წუთი ფოლგის გარეშე.
გემრიელად მიირთვით!