გამომცხვარი ლეღვის სალათი პროშუტოთი და ნიგვზით
ჩვენ უკვე რამდენჯერმე მოვამზადეთ კერძები, სადაც თავმოყრილია მარილიანი, მჟავე და ტკბილი გემოები. საერთოდ, რაც უფრო მრავალფეროვანია კერძი, მით უფრო გემრიელი და საინტერესოა იგი. პირველი შეხედვით უცნაური კომბინაციები შეიძლება ძალიან პიკანტური გამოვიდეს.
დღესაც სწორედ ასეთ, განსხვავებულ სალათს მოვამზადებთ ნამდვილი გურმანებისთვის.
დაგვჭირდება:
1 მოზრდილი კონა სალათის ფოთლების ნაკრები (ჩვენ დღეს წითელი ფოთლები ვარჩიეთ, მაგრამ ასევე ძალიან კარგი იქნება რუკოლა, აისბერგი, რომენი ან ნებისმიერი სხვა, თქვენი გემოვნებით)
8 ცალი შავი ლეღვი
6 ფირფიტა პროშუტო
პატარა თავი წითელი ხახვი
100 გ ყველი (დღეს ჩვენ დორბლუ გამოვიყენეთ, მაგრამ თუ ეს თქვენთის ზედმეტად მძაფრია, ბრი ან ქამამბერი აირჩიეთ)
100 გ ნიგოზი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. თეთრი ბალზამიკო
ოდნავ კარამელიზებული შავი ბალზამიკო
მარილი
წიწაკების მიქსი- თქვენი გემოვნებით
ლეღვი გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე. დავალაგოთ ტაფაზე კანით ქვემოთ და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 10 წუთით.
სალათების ფოთლები კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ. დავალაგოთ თეფშზე.
ნიგვზის ლებნები ორ ნაწილად გავყოთ და ოდნავ მოვხალოთ.
სალათის ფოთლებს მოვაყაროთ თხელ რგოლებად დაჭრილი ხახვი და ნიგოზი, შემდეგ მსხვილად დანაწევრებული პროშუტოს ფირფიტები და გამომცხვარი ლეღვი.
ცალკე კარგად ავთქვიფოთ ზეთი, თეთრი ბალზამიკო, მარილი და წიწაკები. მოვასხათ დრესინგი სალათს, ზევიდან მოვაყაროთ დაჭრილი ყველი და მოვასხათ ოდნავ შავი ბალზამიკო.
გემრიელად მიირთვით!