top of page

კირკაჟი ლობიო


"უბრალო წყალში მოხარშული ლობიო, ისე ჰაიჰარად, ხელდახელ"- ასე განიმარტება კირკაჟი ლექსიკონში. ეს უბრალო, ხელდახელ მომზადებული კერძი ჩემს ოჯახში მეტი პატივისცემით და სიყვარულით სარგებლობს, ვიდრე ბევრი დელიკატესი. რამდენიც არ უნდა მოვამზადოთ, არასდროსაა საკმარისი და არასდროსაა მოსაბეზრებელი.

ჰოდა, დღესაც სწორედ კირკაჟ ლობიოს ვამზადებთ.

დაგვჭირდება:

500 გ ლობიო

2 თავი ხახვი

3 კბილი ნიორი

3 ს.კ. ზეთი (თუ არომატული კახური მზესუმზირის ზეთს იშოვით, გადასარევია)

მოზრდილი კონა ქინძი

პატარა კონა ოხრახუში, კამა, ორი ღერი ქონდარი

1 წიწაკა (თუ ძაან ცხარე გამოდგა, ნახევარიც საკმარისი იქნება)

მარილი

კირკაჟს საერთოდ არ სჭირდება ძმარი, მაგრამ მე მიყვარს სიმჟავე და ძალიან მიყვარს ლიმნის არომატი, ამიტომ ოდნავ ლიმნის წვენს ვუმატებ. თავად გადაწყვიტეთ, დაუმატოთ თუ არა. თუ მოიფიქრეთ, 1-2 ს.კ. საკმარისი იქნება.

ასევე, ძალიან უხდება ბროწეული და შეგიძლიათ ცოტაოდენი ბროწეულის მარცვლებიც მოაყაროთ.

შეგიძლიათ 100 გ ნიგოზიც დაამატოთ, ნიგოზი ხომ ყველაფერს უხდება და ამდიდრებს, მაგრამ ეს აუცილებელი არაა, კირკაჟი ნიგვზის გარეშეც კარგია.

კარგად გავრეცხოთ ლობიო და დავდგათ მოსახარშად. რო ადუღდება, გამოვცვალოთ წყალი და გავაგრძელოთ ხარშვა. ლობიო უნდა დარბილდეს, მაგრამ არ ჩაიხარშოს.

დავჭრათ ხახვი და მწვანილი, დავჭყლიტოთ ნიორი. მსხვილად დავანაწევროთ ნიგოზი.

ლობიო გადავწუროთ, დავუმატოთ მწვანილი, ხახვი, ნიორი, მოვასხათ ზეთი. დავუმატოთ ნიგოზი, ლიმნის წვენი და ბრიწეულის მარცვლები.

ლობიოსთან ერთად, გამოაცხეთ თხელი იმერული მჭადი და გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page