გამომცხვარი კარტოფილი კვერცხით
დღეს დილას თუ არ გარბიხართ სამსახურში და ცოტა მეტი დრო გაქვთ საუზმისთვის, აუცილებლად სცადეთ და მოამზადეთ გამომცხვარი კარტოფილი. ჩვეულებრივ ომლეტზე უფრო საინტერესოცაა და გემრიელიც.
თუ დილას ვერმოახერხეთ, მაშინ საღამოს გააკეთეთ. გამომცხვარი კარტოფილი ერთნაირად კარგი იდეაა საუზმისთვისაც და ვახშმისთვისაც.
დაგვჭირდება:
4 ცალი კარტოფილი
4 კვერცხი
4 ფირფიტა ბეკონით
2 ს.კ. გახეხილი ყველი
20 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
პატარა კონა წვრილად დაჭრილი ოხრახუში
კარტოფილი კარგად გავრეცხოთ და მოვხარშოთ თავის კანიანა. არ უნდა ჩაიხარშოს.
ცოტა რომ გაგრილდება, ამოვღრუტნოთ გული.
კარტოფილში ჩავდოთ პატარა ნაჭერი კარაქი, მოვაყაროთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი ბეკონი, ზევიდან დავახალოთ თითო კვერცხი და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე და შევდოთ კარტოფილი გამოსაცხობად დაახლოებით 15-20 წუთით.
გამომცხვარ კარტოფილს მოვაყაროთ ცოტა წვრილად დაჭრილი ოხრახუში( ან ნებისმიერი სხვა მწვანილი, თქვენი გემოვნებით).
გემრიელად მიირთით!