ვანილის ბისკვიტი მსხლით
მაცივარში უგემრიელესი მსხალი აღმოგვაჩნდა, თან ისეთი რაოდენობით, რომ ვერ მოვერეოდით. ჰოდა ეს არაჩვეულებრივი რეცეპტი გამახსენდა და თქვენც გიზიარებთ.
ცომისთვის დაგვჭირდება:
4 კვერცხი
250 გ კარაქი
200 გ შაქარი
150 მლ რძე
2 ჭიქა ფქვილი
სოდა ძმრით
1 ლიმნის ცედრა
ვანილი
ნახევარი ჩ.კ. დაფქული მიხაკი
მწიკვი მარილი
მსხლის შიგთავსისთვის:
7 საშუალო ზომის მსხალი
1 ლ წყალი
200 გ შაქარი
ვანილი
1 ლიმნის წვენი და ცედრა (შეგიძლიათ ლაიმი გამოიყენოთ)
5 ცალი მიხაკის ბუტონი
მოვამზადოთ მსხალი: გავთალოთ და ამოვღრუტნოთ გულები. ავადუღოთ წყალი შაქართან, ლიმნის ცედრა და წვენთან, ვანილთან და მიხაკთან ერთად.
ჩავდოთ სიროპში მსხლები და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 8-10 წუთი.
ამის შემდეგ ამოვიღოთ მსხალი ქაღარლდის ხელსახოცზე რომ დაიწრიტოს.
ამასობაში მოვამზადოთ ბისკვიტი: კარაქი და შაქარი ავთქვიფოთ, დავუმატოთ მარილი, თითო-თითო კვერცხი, რძე, სოდა ძმრით, ლიმნის ცედრა, მიხაკი და ვანილი. ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი. ღრმა 24 სმ დიამეტრის ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი, ჩავასხათ ცომი და ჩავალაგოთ მსხლები.
გამვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45 წუთი.
გაგრილებულ ბისკვიტს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!