ქათმის სუპი სოკოთი
ნელ-ნელა შემოდგომაც მოვიდა. აგრილდა და გემრიელი ცხელი წვნიანები სულ უფრო აქტუალური ხდება.
სწორედ ამიტომ, დღეს მოვამზადებთ სუპს, რომელსაც ყველა შანსი აქვს, გახდეს ამ სეზონის ფავორიტი.
დაგვჭირდება:
3 ცალი ქათმის მკერდი
500 გ სოკო (შამპინიონი, პორტობელო)
1 ხახვი
3 კბილი ნიორი
1 ჩ. კ. დაჭრილი ნედლი ბეგქონდარა (თუ ვერ იშოვით, მაშნ ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი გამოიყენეთ)
1 დაფნის ფოთოლი
2 ს.კ. ფქვილი
200 მლ ნაღები
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
2 ს.კ. კარაქი
მარილი
წიწაკა
ქათმის ფილე გავრეცხოთ, დავასხათ 1,5 ლ წყალი, დავდგათ მაღალ ცეცხლზე და ავადუღოთ. მოვქაფოთ, დავუწიოთ ცეცხლს, დავუმატოთ დაფნის ფოთოლი, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ დაახლოებთ 30-40 წუთი.
შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან ქათამი, ცოტა გავაგრილოთ და დავჭრათ კუბიკებად. ბულიონი კი გადავწუროთ და გადავინახოთ.
მოზრდილ, სქელძირიან ქვაბში გავახუროთ ზეთი და კარაქი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოვთუშოთ. შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი და დაჭრილი სოკო. აქვე დავამატოთ ბეგქონდარა და ვთუშოთ დაახლოებით 5 წუთი.
ამის შემდეგ, დავამატოთ ფქვილი,მოვხალოთ ყველაფერი ერთად დაახლოებით 1 წუთი და ნელ-ნელა დავუმატოთ ქათმის ბულიონი. წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით 10 წუთი დაბალ ცეცხლზე.
დავამატოთ ბულიონს ნაღები, მარილი და წიწაკა, მივიყვანოთ ადუღებამდე და გამოვრთოთ ქურა. ჩავალაგოთ ბულიონში ქათმის ნაჭრები და დავაფაროთ თავსახური. 1-2 წუთში კერძი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!