ჟოლოს ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
ბევრი ჩემი მეგობარი მთხოვს დავდო ისეთი ნამცვხრის რეცეპტი, რომელსაც ცხობა არ სჭირდება. თან ძალიან გემრიელი უნდა იყოს.
ჰოდა დღეს სწორედ ასეთ ნამცხვარს გთავაზოთ. არც ცხობა უნდა, არც წვალება. თან ძალიან გემრიელია!
ძირისთვის დაგვჭირდება:
500 გ ორცხობილა (ნებისმიერი, ნეიტრალური გემოს მშრალი ორცხობილა)
200გ კარაქი
შიგთავსისთვის დაგვჭირდება:
500 გ კრემჩიზი
150-200 გ მაღალცხიმანი ნაღები (ან არაჟანი)
300 გ ჟოლო
1 ლიმნის ცედრა და წვენი
125 გ შაქარი
ვანილი
2 ს.კ. ჟელატინი
ნახევარი ჭიქა ცივი წყალი ან ჟოლოს წვენი
ორცხობილა დავფშვნათ და კარგად ავურიოთ კარაქთან ერთად.
ჩავდოთ ეს მასა ფორმის ფსკერზე და კარგად დავტკეპნოთ. (შეგვიძლია პატარა პორციულ ფორმებშიც გავაკეთოთ). შევდოთ ჩვენი ფორმები მაცივარში.
ჟელატინი გავხსნათ ჟოლოს წვენში. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და გავადნოთ ჟელატინი.
კარგად ავთქვიფოთ კრემჩიზი შაქართან ერთად, დავუმატოთ ნაღები, ვანილი, ჟოლო (რამოდენიმეცალი გადავდოთ მოსართავად), ლიმნის ცედრა და წვენი. დავუმატოთ ჟელატინი და ფრთხილად მოვურიოთ.
თანაბრად გადავანაწილოთ ეს მასა გაციებულ ძირზე და შევდოთ ისევ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.
გამოვიღოთ ჩვენი ჩიზქეიქი და მოვრთოთ დარჩენილი ჟოლოთი.
გემრიელად მიირთვით!