ნუშის ნამცხვარი ძველებური რეცეპტით
დღეს ფეისბუქის მეგობარმა ჩვენი ბავშობის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და გემრიელი მოგონება აღძრა ჩემში.
საბედნიეროდ, სახლში ნუში აღმომაჩნდა, ჰოდა რადგან ტკბილი მოგონებებით ვერ დავკმაყოფილდი, გამოვაცხე ეს უგემრიელესი ნამცხვარი. თქვენც გაგიზიარებთ.
დაგვჭირდება:
120 გ ნუში (კანი არ უნდა გავაცალოთ)
230 გ შაქარი
3 კვერცხის ცილა
30 გ ფქვილი
ნუში დავაბლენდეროთ ისე, რომ მივიღოთ ნუშის ფქვილი. დავუმატოთ შაქარი, 2 კვერცხის ცილა და კიდე კარგად დავაბლენდეროთ. მივიღებთ ერთგაროვან მასას. ამ მასას დავუმატოთ დარჩენილი მესამე კვერცხის ცილა და კარგად მოვურიოთ.
ამის შემდეგ, მოვათავსოთ ჯამი ორთქლზე და მოვურიოთ მანამ, სანამ შაქარი არ გადნება.
გადმოვდგათ, დავამატოთ ფქვილი და კიდე მოვურიოთ.
ღუმელი გავახუროთ 180 გრადუსამდე.
საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და დავსვათ სუფრის კოვზით პატარა ორცხობილები. ეს ორცხობილები გაბრტყელდება ღუმელში, ამიტომ მათ შორის დატოვეთ საკმარისი მანძილი (უნდა გამოვიდეს დაახლოებით 12-14 ცალი).
ნამცხვარს ვაცხობთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!