ხორცი ბურგუნდიულად
გახსოვთ კეთილი, გემრიელი ფილმი "ჯული და ჯულია"? არაჩვეულებრივი მერილ სტრიპ, ლეგენდარული ჯულია ჩაილდის როლში და ახალგაზრდა მოყვარული კულინარი-ბლოგერი ჯული (ემი ადამსი), რომელიც ცდილობს მოამზადოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული კერძი, ბიფ-ბურგინიონ.
მოთუშული ხორცი წითელი ღვინის სოუსში, შეზავებული ნივრით, ხახვით, სტაფილოთი და სოკოთი... ვცადოთ ჩვენც!
ხორცი გამოდის ისეთი ნაზი, ხოლო ბოსტნეულის და ღვინის სოუსი ისეთი არომატული, რომ თამამად შეგიძლიათ დაპატიჟოთ სტუმრები და იტრაბახოთ, რომ ჯულია ჩაილდის რეცეპტით მომზადებულ ბურგუნდიულ ხორცით უმასპინძლდებით!
დაგვჭირდება:
150 გ ბეკონი
1,5 კგ რბილი საქონლის ხორცი
2 -3 საშუალო თავი ხახვი (წვრილად დაჭრილი)
3 კბილი ნიორი
2 სტაფილო (რგოლებად დაჭრილი)
1 ბოთლი კარგი მშრალი წითელი ღვინო (თუ ფრანგულს ან იტალიურს ვერ იშოვით, კარგი ქართულიც გამოდგება)
2 ჭიქა ხორცის ბულიონი
2 დიდი დაჭრილი პომიდორი (შეგიძლიათ კონსერვირებულიც გამოიყენოთ)
პატარა ბუკე გარნი (დაფნის ფოთოლი, ოხრახუში და ბეგქონდარა)
2-3 ს.კ. ზეითუნის ან სიმინდის ზეთი
50 გ კარაქი
ბერ-მანიე სოუსისთვის (3 ს.კ ფქვილი, 2 ს.კ. კარაქი)
24 ცალი პატარა ხახვი (მარგალიტის ხახვი)
500 გ შამპინიონი (რაც შეიძლება პატარა ზომის )
მარილი, შავი წიწაკა
ბეკონი ჩავდოთ ცივ წყალში, მივიყვანოთ ადუღებამდე და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთი. შემდეგ გადავავლოთ ცივი წყალი, გავამშრალოთ და დავჭრათ გრძელ თხელ ნაჭრებად.
დიდ ტაფაზე ზეთში ოდნავ შევბრაწოთ ბეკონი, გადავდოთ სქელძირიან მოზრდილ ქვაბში, ტაფაზე კი შევწვათ დაახლოებით 5 სმ სიდიდის კუბებად დაჭრილი ხორცი. მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და გადავდოთ ქვაბში ბეკონთან. იგივე ტაფაზე შევბრაწოთ დაჭრილი ხახვი და სტაფილო, შემდეგ დაჭყლეტილი ნიორი და ესეც გადავდოთ ქვაბში, ხორცთან. ხორცს დავასხათ ბულიონი, ხოლო ტაფას მოვასხათ ღვინო, შევათბოთ და ესეც გადავასხათ ქვაბში, ხორცთან. ხორცს დავამატოთ წვრილად დაჭრილი, კანგაცლილი პომიდორი, ბუკე გარნი და ძალიან დაბალ ცეცხლზე ან 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ვთუშოთ ხორცის მზადყოფნამდე.
ამის შემდეგ, გადავწუროთ წვენი ცალკე ჭურჭლში, ხოლო ხორცი ისევ დავაბრუნოთ ქვაბში. წვენი ვადუღოთ, სანამ არ მოიკლებს და არ დავა 3 ჭიქამდე.
გადმოვდგათ წვენი ცეცხლიდან და შევათქვიფოთ ბერ-მანიე, შემდეგ კი დაახლოებით 2 წუთი ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. შევაზავოთ წვენი მარილით და წიწაკით და დავასხათ ხორცს.
ცალკე ტაფაზე გავახუროთ 1 კოვზი ზეთი და კარაქი და მოვბრაწოთ მარგალიტის ხახვი. გადავდოთ ხახვი ხორცთან, ხოლო ტაფაზე შევბრაწოთ სოკო (თუ სოკოები მოზრდილი ზომისაა, გავჭრათ ოთხად, თუ არა და, მთელ-მთელები). ეს სოკოც დავამატოთ ხორცს.
მირთმევის წინ, ყველაფერი ერთად წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე.
თუ გსურთ, რომ ყველაზე მკაცრი შემფასებლების გულიც მოიგოთ, კერძთან გარნირად მოამზადეთ კარტოფილის პიურე ცოტაოდენი მუსკატით.
გემრიელად მიირთვით!