ყვავილოვანი კომბოსტოს კროკეტები
ასეთი კროკეტები გემრიელია და ძალიან მოსწონთ ბავშვებს. მარტივად მოსამზადებელია და თან ძალიან მოხერხებულია მათი ტარება ლანჩ-ბოქსით. ასე რომ, შეგიძლიათ სოლაშიც გაატანოთ.
დაგვჭორდება:
3-4 ცალი კარტოფილი
ნახევარი საშუალო თავი კომბოსტო
100 გ რომელიმე მყარი ყველი
1 კვერცხის გული
50 გ კარაქი
მარილი, შავი წიწაკა
დანის წვერზე- მუსკატი
რამოდენიმე ღერი ოხრაუში
2 კვერცხი
1 ს.კ. რძე
საფანელი
ფქვილი
ზეთი
კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ, კომბოსტო დავანაწევროთ. ბოსტნეული მოვხარშოთ ისე, რომ მზადყოფნამდე ოდნავ აკლდეს. დავსრისოთ კარტოფილი, დავუმატოთ დარბილებული კარაქი, წვრილად დაკეპილი კომბოსტო, გახეხილი ყველი, კვერცხის გული, მარილი, წიწაკა, მუსკატი და წვრილად დაჭრილი მწვანილი.
ამ მასას მივცეთ კროკეტების ფორმა.
კვერცხი გავთქვიფოთ რძესთან ერთად. ამოვავლოთ კროკეტები ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში, შევდოთ დაახლოებით 1 საათით მაცივარში, რომ გამკვრივდეს და შეწვის დროს არ დაიშალოს.
შევწვათ ღრმა ტაფაში, ადუღებულ ზეთში, პატარა პორციებით. დავალაგოთ გამზადებული კროკეტები ქაღალდის ხელსახოცზე, მოვაშოროთ ზედმეტი ცხიმი.
გემრიელად მიირთვით!