პაელია ზღვის პროდუქტით
დღეს ისევ სამხრეთულ კერძს ვამზადებთ- ესპანურ, უფრო სწორედ კი ვალენსიურ პაელიას.
პაელიას ამზადებენ ბრინჯისგან, რომელიზ შაფრანითაა შეფერილი და მას უმატებენ ხორცს, ქათამს, ბოსტნეულს და რა თქმა უნდა, ზღვის პროდუქტს. დღეს ჩვენც სწორედ ზღვის პროდუქტის მოყვარულებს გავახარებთ და ვისწავლით ზღვის პროდუქტის პაელიას, ე.წ. paella de marisco.
ტრადიციულად, ესპანელები პაელიას სუფთა ჰაერზე, ცეცხლზე, უახლესი ზღვის პროდუტებით ამზადებენ და დღესასწაულებზე და შაბათ-კვირას მიიღთმევენ. ჩვენ, სამწუხაროდ, ყველაფერშ მათ ვერ მივბაძავთ და მოვამზადებთ პაელიას სახლის პირობებში, სქელძირიან ტაფაზე და გამოვიყენებთ იმ ზღვის პროდუქტს, რომელიც ჩვენ მარკეტებში მოიპოვება. არჩევანი, სხვათაშორის, არც ისე ცუდია. შეგიძლიათ ახალი მიდიები, კრევეტები, კალმარები და რვაფეხები შეიძინოთ ან საქმე კიდე უფრო გაიმარტივოთ და გაყინული, უკვე დამუშავებული ზღვის პროდუქტების კოკტეილი გამოიყენოთ. მაშ ასე,
დაგვჭირდება:
500 გ ზღვის პროდუქტის კოკტეილი
300 გ მრგვალი ბრინჯი, მაგალითად არბორიო
100 გ გაყინული მწვანე ბარდა
1 თავი ხახვი
1 ტკბილი ბულგარული
ნახევარი ლიმონი
1/2 ჩ.კ. შაფრანი (სავარაუდოდ, ვერ იშოვით და თან თუ იშოვით, უძვირესია, ამიტომ შეცვალეთ ქართული ზაფრანათი)
4-5 ს.კ. ზითუნის ზეთი
200გ კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი თავის წვენში
მარილი
თუ გაყინულ ზღვის პროდუქტს გამოიყენებთ, გაალღვეთ და დაწურეთ წყალი. თუ ცოცხალს, კარგად გარეცხეთ, გაარჩიეთ.
შეწვით ზღვის პროდუქტი ზეითუნის ზეთში დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში, შემდეგ ამოიღეთ ტაფიდან და გადადეთ.
იგივე ტაფაზე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ხახვი რომ გამჭვირვალე გახდება, დაუმატეთ ბრინჯი. რამოდენიმე წუთში, როცა ბრინჯი შეიწოვს ცხიმს, დაასხით მდუღარე წყალი ისე, რომ ბრინჯი სრულიად დაიფაროს. დაუმატეთ ზაფრანა, დაუწუეთ ცეცხლს და ხარშეთ დაახლოებით 20 წუთი. ამ დროს ბრინჯს აღარ უნდა მოვურიოთ.
ამის შემდეგ, დავუმატოთ პომიდორი და ვთუშოთ ერთად 10წუთი. შემდეგ დავუმატოთ ბარდა, დაჭრილი ბულგარული და სურვილისამებრ, ცოტაოდენი ნედლი მწვანე ლობიო.
როცა წყალი სრულიად დაშრება და ბრინჯი მოიხარშება, დაუმატეთ ზღვის პროდუქტი, მორთეთ დაჭრილი ლიმნით და დააფარეთ თავსახური. გააჩერეთ დაახლოებით10 წუთი და გემრიელად მიირთვით!
პაელიას მოუხდება თეთრი ღვინო. ან მოამზადეთ სანგრია და დატკბით ვახშმის შემდეგ.