დახვეული ფორთოხლის ქერქის მურაბა
დღეს ძალიან გემრიელი, ორიგინალური და პიკანტური მურაბა გვინდა შემოგთავაზოთ. ცოტა მეტ დროს და მოთმინებას მოითხოვს მისი გაკეთება, მაგრამ, სამაგიეროთ სრულიად არაჩვეულებრივ შედეგს მივიღებთ.
დაგვჭირდება:
3 ფორთოხალი
400 მლ წყალი
300 გ შაქარი
1 ლიმნის წვენი
ფორთოხალი კარგად გავრეცხოთ, მოვავლოთ მდუღარე. გავჭრათ 4 ნაწილად, ეს მეოთხედები კიდე ორ ნაწილად გავჭრათ.
ამოვიღოთ რბილობი და გავჭრათ ჩვენი ქერქები შუაზე კიდე ერთხელ. მივიღებთ თხელ ნაჭრებს, რომლებთანაც ვიმუშავებთ შემდგომში.
ეს ქერქები უნდა მოვათვასოთ ღრმა ჯამში, დავასხათ ცივი წყალი ისე, რომ ფარავდეს და გავაჩეროთ ასე 3-4 დღე. წყალი უნდა გამოვცვალოთ ყოველ დილა-საღამოს. ასე ფორთოხლის ქერქებს გაუვა სიმწარე.
ამის შემდეგ, ფორთოხლის ქერქებს დანით ფრთხილად მოვაჭრათ თეთრი შიგთავსი, დავახვიოთ სპირალივით და ავკინძოთ ძაფზე, როგორც მძივი.
შემდეგ ეს მძივი უნდა გამოვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში. გავავლოთ ცივი წყალი და ისევ გამოვხარშოთ. ასე გავიმეოროთ 3 ჯერ.
ბოლოს დავასხათ ჩვენ ფორტოხლის მძივს 400 მლ წყალი, 300 გ შაქარი და ვხარშავთ სიროპის შესქელებამდე, დაახლოებით 15წუთი. გავაგრილებთ და ისევ 15 წუთი ვადუღებთ დაბალ ცეცხლზე. დავუმატოთ ლიმნის წვენი, ვხარშოთ კიდე რამოდენიმე წუთი, მოვაშოროთ ძაფი და გადავდოთ ქილებში.
მურაბა უნდა შევინახოთ მაცივარში.
გემრიელად მირთვით!