top of page

კლემენტინების ნამცხვარი


მთელი ბავშვობის არდადეგები გაგრაში მაქვს გატარებული. მამჩემის მშობლები იქ ცხოვრობდენ. ძველ გაგრაში სახლი ჰქონდათ უზარმაზარი ეზოთი.

ეზო ტერასებად იყო დანაწილებული და ყველა დონეს თავისი დანიშნულება ჰქონდა. ზედა ტერასაზე, რომელიც სახლის დონეზე იყო, ბებიაჩემმა ბოსტანი გააშენა. იქაურ რეჰანს, პიტნას და ქინძს საოცარი არომატი ჰქონდა. საკმარისი იყო სადილის მოზრდილ ქვაბში ორ-ორი ღერი მწვანილი დაემატებინა, სურნელი მთელს ეზოს ავსებდა.

ქვევით, მეორე ტერასაზე საქათმე იყო. მე არ მიყვარდა ეზოს ეს ნაწილი, რადგან იქაური სუნი მაწუხებდა. მხოლოდ მაშინ ვსტუმრობდი ხოლმე საქათმეს, როცა ახალგამოჩეკილი წიწილების მონახულება მსურდა.

აი სულ ქვევით კი, ყველაზე დიდ, მესამე იარუსზე, მანდარინის, ლიმონის, ფეიხოას და ფორთოხლის ბაღი იყო. ჩვენ, ბავშვები, მას პლანტაციას ვეძახდით და უსაზღვრო გვეგონა.

აი იქ, ჩვენ პლანტაციაზე, მოხდა სწორედ პატარა სასწაული. მანდარინის და ფორთოხლის ხეებმა ერთმანეთი შეიყვარეს და ახალი ნაყოფი დაბადეს. შვილი გარეგნულად დედასავით მომცრო ზომის იყო, მაგრამ მამასავით რთულად იფცქვნებოდა და საოცრად არომატული და ტკბილი გამოდგა.

მამაჩემმა მას მანდარინ ფორთოხალოვიჩი შეარწვა და ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარდა. ასეთი ხილი იმ დროს გაგრის გარდა არსად მენახა. ისე, ჩვენ რომ გაგრაში გვქონდა ისეთი ფორთოხალი, მანდარინი, მუშმალა და ლეღვიც არსად სხვაგან მინახავს მეტი.

წლების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მანდარინ ფორთოხალოვიჩს ჩვენს გარდა სხვა ქვეყნებშიც იცნობდენ და მას ოფიციალური, საერთაშორისო სახელიც აქვს- კლემენტინი. თურმე ის, რაც ჩვენ პლანტაციაზე ბუნებრივად მოხდა, ფრანგმა მღვდელმა კლემენტინმა ხელოვნურად შექმნა და ხილს საკუთარი სახელიც შეარქვა.

მანდარინ ფორთოხალოვიჩის ამბავი ამ გემრიელმა ნამცხვარმა მომაგონა. მის მოსამზადებლად სწორედაც რომ კლემენტინები გვჭირდება. მაგრამ თუ თქვენ კლემენტინებს ვერ იშოვით, ფორთოხალი გამოიყენეთ, მაინც ძალიან გემრიელი გამოვა.

დაგვჭირდება:

4-5 პატარა ან 3 დიდი კლემენტინი (ან 2 ფორთოხალი)

250 გ დაფქული ნუში

250 გ შაქარი

6 კვერცხი

სოდა ძმრით

ვანილი

50 გ ფქვილი

კლემენტინები ჩავდროთ ცივ წყალში და ვადუღოთ დაახლოებით 2 საათი. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან, გავაგრილოთ, გავჭრათ, მოვაშოროთ კურკები და დავაბლენდეროთ.

კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ კლემენტინების პიურე, შემდეგ ნუში, ფქვილი, სოდა ძმრით, ვანილი და კარგად ავთქვიფოთ.

საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი და ჩავასხათ ფრთხილად ცომი.

გამოვაცხოთ 185 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.

გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ ფორმაშივე და შემდეგ გადმოვიღოთ. მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

მიირთვით ნაყინთან ან ათქვეფილ ნაღებთან ერთად!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page