ბროკოლი და ბრუსელის კომბოსტოს კლაფუტი
კლაფუტი (clafoutis, clafir -შევსება)- ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგული ღვეზელია.
კლასიკური კლაფუტი კურკიანი ალუბლისგან მზადდება,მაგრამ მას ასევე სხვა ხილის ან ბოსტნეულისგანაც ამზადებენ. მთავრი პრინციპი ისაა, რომ ღვეზელში ძალიან ცოტა ცომი და ბევრი შიგთავსია. მის მოსამზადებლად საცხობ ფორმაში ჯერ შიგთავსს ათავსებენ, შემდეგ კი ზევიდან ასხამენ თხევად ცომს.
ჩვენი დღევანდელი კლაფუტისთვის დაგვჭურდება:
250 გ ბროკოლი
250 გ ბრუსელის კომბოსტო
4-5 კვერცხი
2 ს.კ. ფქვილი
250 მლ რძე ან დაბალცხიმიანი ნაღები
2 საშუალო ღერი პრასი
50 გ ნებისმიერი მყარი ყველი, თქვენი გემოვნებით
3-4 ფირფიტა ბეკონი (თუ ვეგეტარიანულიკერძის მომზადება გსურთ, ამოიღეთ ეს ინგრედიენტი)
20 გ კარაქი
მარილი
თეთრი წიწაკა ან წიწაკების მიქსი
მუსკატი-დანის წვერზე
2ს.კ. გირჩის თესლი ან ნუში
ბროკოლი გავასუფთავოთ, დავანაწევროთ, ბრუსელის კომბოსტო გავყოთ შუაზე და მოვწალოთ მარილიან წყალში დაახლოებით 5 წუთი.
ბეკონი დავჭრათ წვრილად, პრასი დავჭრათ თხელ რგოლებად, ვთუშოთ ერთად კარაქში რამოდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავუმატოთ კომბოსტო,მოვაყაროთ მარილი და წიწაკები და მოვურიოთ კარგად.
კვერცხი ავთქვიფოთ ფქვილთან, რძესთან, მუსკათთან და გახეხილ ყველათან ერთად.
საცხობ ფორმას წავუსვათ კარაქი ან დავდოთ საცხობი ქაღალდი, დავალაგოთ ბოსტნეული, მოვასხათ კვერცხი და მოვაყაროთ თხილეული.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!