კრემ-ბრულე
კრემ-ბრულე (crème brûlée) -ფრანგულიდან რომ ვთარგმნოთ, დამწვარი ნაღები გამოგვივა. ამ უნაზესი, მსუბუქი დესერტის ისტორია XVII საუკუნეში იწყება. ტრადიციულად, მას ფრანგულ სამზარეულოს მიაკუთვნებენ, მაგრამ კრემ-ბრულეს წარმოშობაზე საფრანგეთთან ერთად ესპანეთი და ინგლისიც იბრძვიან.
ინგლისელები ამტკიცებენ, რომ პირველად კრემ-ბრულე ტრინიტი კოლეჯში, XVII საუკუნეში მომზადდა და მას burnt cream, Cambridge burnt cream ან Trinity cream ეწოდებოდა. ბრიტანელები ამტკიცებენ, რომ ფრანგებმა მისი არსებობის შესახებ მხოლოდ 100 წლის შემდეგ შეიტყვეს და მაშინ მას ინგლისურ კრემს უწოდებდენ.
ესპანეთში კი კრემ-ბრულე crema catalana სახელწოდებითაა ცნობილი. მას ნაღების ნაცვლად რძისგან ამზადებენ და ლიმნის ცედრას და დარიჩინს უმატებენ.
მაგრამ პირველი ცნობები კრემ-ბრულეს შესახებ მაინც საფრანგეთში, 1691 წელს გვხვდება მეფის შეფ-მზარეულის ფრანსუა მასიალოს (Francois Massialot) წიგნში - "მეფის და ბურჟუას მზარეული" (Le Nouveau Cuisinier Royal et Bourgeois).
დროთა განმავლობაში რეცეპტურა დახვეწეს, გაამრავალფეროვნეს. დღეს საფრანგეთში შეხვდებით კრემ-ბრულეს რომით, შოკოლადით, დარიჩინით, ლავანდით და სხვ.
ჩვენ კი დღეს კლასიკური, ვანილის უნაზესი დესერტი მოვამზადოთ.
დაგვჭირდება:
600 მლ ნაღები (33%)
6 კვერცხის გული
4 ს.კ. შაქარი
4 ს.კ. ყავისფერი შაქარი
ვანილი
კვერცხის გული და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ ვანილი. სქელძირიან ქვაბში ჩავასხათ ნაღები, მივიყვანოთ ადუღებამდე დაბალ ცეცხლზე და ნელ-ნელა ჩავასხათ კვერცხის მასაში. კარგად ავთქვიფოთ და დავდოთ ორთქლზე. ვურიოთ ორთქლზე, სანამ არ გასქელება ისე, რომ აღარ გადმოვა კოვზიდან.
ამის შემდეგ, გავანაწილოთ კრემი პორციულ ცეცხლგამძლე ფორმებში და შევდოთ 150 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25-30 წუთით. გამზადებულ დესერტს ჟელეს კონსისტენცია უნდა ჰქონდეს.
ამის შემდეგ, კრემს გადავაკრათ ცელოფანი და შევდოთ მინიმუმ 2 სათით მაცივარში (შეგიძლიათ მთელი რამითაც დატოვოთ სიცივეში).
მირთმევის წინ მოვაყაროთ კრემს ყავისფერი შაქარი და გადავასწოროთ. შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ზედა თაროზე- შაქარმა კარამელიზაცია უნდა განიცადოს და გაოქროსფერდეს. თვალყური ვადევნოთ, რომ არ მიგვეწვას. კრემ-ბრულეს ნაზი, სტრუქტურა და ხრატუნა კანი უნდა ჰქონდეს.
როგორც კი შაქარი შეიბრაწება, გამოვიღოთ ღუმელიდან, ოდნავ შევაგრილოთ და მივირთვათ.
Bon Appétit!