გოზინაყი ჩირით და სახვადასხვა თხილეულით
ვაგრძელებთ საახალწლო რეცეპტების სერიას და დღეს საახალწლო სუფრის მთავარ ატრიბუტს, გოზინაყს მოვამზადებთ. მაგრამ რეცეპტი, რომელსაც ჩვენ დღეს შემოგთავაზებთ, განსხვავებულია ტრადიციული, კლასიკური გოზინაყისგან. თუ თქვენ საახალწლო მენიუში სიახილს შეტანა გსურთ, გთავაზობთ ჩვენი დღევანდელი რეცეპტიც გამოიყენოთ. მით უმეტეს, რომ საოცრად გემრიელია!
დაგვჭირდება:
150 გ ნუში
150 გ თხილი
100 გ ლეღვის ჩირი
100 გ კურაგა
500 გ თაფლი
შეგიძლიათ სხვა თხილეული და ჩირიც გამოიყენოთ, მთავარია, არ დაარღვიოთ პროპორციები.
მეორე მნიშვნელოვანი მომენტი-პროდუქტის ხარისხია. ჩირები უნდა შეარჩიოთ რბილი და ლამაზი, თხილეული - საღი, ხოლო თაფლი-ნატურალური.
ჩირები წინასწარ კარგად უნდა გვარეცხოთ და გავაშროთ. თხილეული ოდნავ მოვხალოთ. შემდეგ ჩირები და თხილეული დავჭრათ საშუალო ნაჭრებად.
თაფლი მოვათავსოთ სქელძირიან ქვაბში და მივიყვანოთ ადუღებამდე. ვადუღოთ რამოდენიმე წუთი დაბალ ცეცხლზე და გადმოვდგათ. გავაგრილოთ თაფლი და ისევ ავადუღოთ. ვადუღოთ კიდე ერთი 2-3 წუთი და ისევ გადმოვდგათ და გავაგრილოთ. მესამდე ავადუღოთ თაფლი. ამასობაში თაფლი მოცულობაში დაიკლებს და კონსისტენციას შეიცვლის.
ჩავყაროთ თაფლში თხილეული და ჩირები, მოვთუშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5-7 წუთი, თან სულ ვურიოთ.
ამის შემდეგ, გადავიტანოთ ჩვენი გოზინაყი სველ დაფაზე, გავაბრტყელოთ და დავჭრათ სასურველ ფორმებად.
გემირლეად მიირთვით!