top of page

შტოლენი-გერმანული საშობაო ნამცხვარი


ამ საოცრად გემრიელი, არომატული ნამცხვრის სამშობლო-გერმანიაა. ყველაზე ცნობილი- დრეზდენის შტოლენია. მას შობამდე რამდენიმე კვირით ადრე საშობაო მარხვის დაწყებისთანავე აცხობდენ, შემდეგ ფუთავდენ და შობის დღესასწაულამდე ინახავდენ. გერმანიაში შტოლენი ახალშობილი ქრისტეს სიმბოლოდ ითვლება.

ამ უგემრიელესი, არომატული საშობაო ღვეზელის მომზადებას ოდნავ მეტი დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ წელიწადში ერთხელ ნამდვილად ღირს თავის შეწუხება. მით უმეტეს, პირველ ჯერზე შედარებით მარტივ ვარიანტს, მარციპანის გარეშე ვამზადებთ.

შტოლენის მომზადების დროს სახლი არჩვეულებრივი არომატებით ივსება და ეს საოცარი სიმყუდროვის და დღესასწაულის განწყობას შეგვიქმნის!

დაგვჭირდება:

100გ ცუკატები (სასურველი ფორთოხლის და ლიმoნის იყოს)

350გ ქიშმიში და შტოშის ჩირი

250 გ მსხვილად დანაწევრებული ან მთელ-მთელი კანგაცლილი, ოდნავ მოხალული ნუში

1 ლიმონის ცედრა

50 მლ რომი

ვანილი

დანის წვერზე მუსკატი

1 ჩ.კ. დარიჩინი

მწიკვი მარილი

550 -600 გ ფქვილი

100-120 გ შაქარი

250 მლ რძე

5 ჩ.კ. საფუარი

5 კვერცხის გული+ 1 მთლიანი კვერცხი

250 გ კარაქი

50 გ შაქრის პუდრა

ცუკატები, ალუბლის ჩირი, ქიშმიში და ნუში -ერთად მოვათავსოთ ჯამში, დავუმატოთ ვანილი, რომი, ლიმoნის ცედრა, მოვურიოთ და დავტოვოთ მთელი ღამით.

მეორე დღეს, საფუარი შევურიოთ 200 გ ფქვილს და 2 ს.კ. შაქარს. დავუმატოთ 90 მლ თბილი რძე, მოვზილოთ და დავდოთ 20-30 წუთით თბილ ადგილას ამოსაფუებლად.

ცალკე ჯამში დანარჩენ ფქვილს დავუმატოთ სუნელები, მარილი, შაქარი. როცა საფუარი ამოვა, ჩავრთოთ მიქსერი დაბალ სიჩქარეზე და ნელ-ნელა დავუმატოთ საფუარს სუნელებიანი ფქვილი.

ცალკე ავთქვიფოთ დანარჩენი რძე და კვერცხი. ნელ-ნელა დავუმატოთ ეს ნაზავიც ცომს. შემდეგ ნელ-ნელა შევაზილოთ დარბილებული კარაქი და მოვზილოთ მანამ, სანამ ცომი არ გახდება ერთგვაროვანი. შემდეგ დავუმატოთ ცუკატები.

გავაბრტყელოთ ცომი დაახლოებით 2 თითის სისქემდე, დავტოვოთ ნახევარი საათით ამოსაფუებლად. შემდეგ კიდე გავაბრტყელოთ, გადავკეცოთ ორად, შემდეგ ზედა ნაკეცი გადავკეცოთ კიდე შუაზე.

დავტოვოთ ჩვენი შტოლენი დაახლოებით 40 წუთით ამოსაფუებლად და შემდეგ გამოვაცხოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.

გამომცხვარ ცხელ შტოლენს წავუსვათ 50 გ გამდნარი კარაქი, შემდეგ კი მოვაყაროთ შაქრის პუდრა.

შევახვიოთ გაგრილებული შტოლენი პერგამენტის ქაღალდში, შემდეგ მოვათავსოთ კონტეინერში და დავტოვოთ ასე რამოდენიმე დღე ან კვირა, შობამდე. შობის დღესასწაულზე კი გავხსნათ ჩვენი შტოლენი, ხელახლა მოვაყაროთ მას შაქრის პუდრა და გავუმასპინძლდეთ საყვარელ ადამიანებს.

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page