თაფლიანი რგოლები ფორთოხლის ცედროთ
რაც უფრო ახლოსაა ახალი წელი, მით უფრო სასიამოვნოა, როცა სახლში საახალწლო სურნელი ტრიალებს. ჰოდა დღესაც უმარტივეს ორცხობილებს გამოვაცხობთ, რომლებიც ძალიან გემრიელია და თან სახლს არაჩვეულებრივი არომატებით აავსებენ.
დაგვჭირდება:
100 გ კარაქი
1 კვერცხი
90 გ თაფლი
სოდა ძმრით
მწიკვი მარილი
1 ფორთოხლის ცედრა
ვანილი
250 გ ფქვილი
დარბილებული კარაქი და კვერცხი გავთქვიფოთ, დავუმატოთ ცედრა, თაფლი, ვანილი, შემდეგ სოდა ძმრით, მარილი და ფქვილი. მოვზილოთ ცომი. ცომი უნდა იყოს რბილი და წებოვანი.
30-40 წუთით ცომი შევდოთ მაცივარში (გამკვრივდება, აღარ იქნება წებოვანი და მასთან მუშაობა უფრო გამარტივდება).
გაციებული ცომი დავანაწევროთ პატარა ნაწილებად, გავაბრტყელოთ ძეხვივით და შევაერთოდ ბოლოები (რგოლები უნდა გამოვიდეს).
საცხობ ფორმაში ჩავაფინოთ ქაღალდი, დავალაგოთ ჩვენი პატარა რგოლები და შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.
გამომცხვარი ორცხობილები ოდნავ შევაგრილოთ და შემდეგ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!