გამოყვანილი ორაგულის კარპაჩო
ეს რეცეპტი განსაკუთრებით მიყვარს რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი- უდავოდ, საოცრად გემრიელია, ნამდვილი სადღესასწაულო კერძი, რომელიც ძალიან მომთხოვნ გურმანებსაც დააკმაყოფილებს. მეორე-საკმაოდ ადვილად მზადდება და მესამე- მისი მომზადება რამდნიმე დღით ან, თუნდაც, კვირით ადრე შეიძლება. თევზი მშვენივრად შეინახება საყინულეში, ეს მას კიდე უფრო გაამდიდრებს არომატებით.
პრინციპში, ასე თევზის მომზადება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. დღეს ჩვენ საბაზისო რეცეპტს მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტით გავამდიდრებთ, რაც მას საახალწლო სურნელს და შესახედოაბას შესძენს.
დაგვჭირდება
500 გ ორაგულის ფილე
2 ტოტი როზმარინი
2 ჩ.კ. ვარდისფერი წიწაკის მუხუდო
1 ჩ.კ. სურნელოვანი შავი წიწაკის მუხუდო
4 ს.კ. მარილი
3 ჩ.კ. შაქარი
1 ფორთოხლის ცედრა
1 ლიმონის ცედრა
100 მლ რომი ან კონიაკი
გარეცხილ როზმარინს მოვაცალოთ ფოთლები, დავუმატოთ ოდნავ დასრესილი წიწაკები, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, მარილი, შაქარი, რომი და კარგად მოვურიოთ.
ორაგულის ფილე დავფაროთ ყველა მხრიდან სუნელებით, მჭიდროდ გადავახვიოთ პლასტიკში და შევდოთ მაცივარში 12 საათით.
ამის შემდეგ, კარგად გავრეცხოთ ფილე, გავამშრალოთ, ისევ გადავახვიოთ პლასტიკში და შევდოთ საყინულეში.
მირთმევის წინ 30-40 წუთით ადრე გამოიღეთ ორაგული საყინულედან, თხლად დაჭერით და დატოვეთ გასალღვობად. შემდეგ მორთეთ ლიმონით ან როზმარინით. საახალწლოდ საუკეთესო პრეზენტაცია გამოვა ხიზილალის თანხლებით.
გემრიელად მიირთვით!