top of page

ყველის სუპი სოკოთი


ცივმა ამინდმა და მომრავლებულმა ვირუსებმა დღეს ისევ წვნიანის ხასიათზე დამაყენა, ჰოდა ნოყიერი და საოცრად გემრიელი ყველის და სოკოს სუპის მომზადებაგადავწყვიტე. თქვენც შემომიერთდით!

დაგვჭირდება:

500 გ ქათმის ფილე

500 გ სოკო (შამპინიონი, პორტობელო, ტყის სოკო)

200 გ მდნარი ყველი ("Viola", მაგალითად)

1 თავი ხახვი

1 კბილი ნიორი

1 სტაფილო

3-4 კარტოფილი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი

4 ს.კ. კარაქი

დანის წვერზე მუსკატი

მარილი

შავი წიწაკა

ქათმის ფილე გავრეცხოთ, დავასხათ 1,5 ლ წყალი, დავდგათ მაღალ ცეცხლზე და ავადუღოთ. მოვქაფოთ, დავუწიოთ ცეცხლს, დავაფაროთ თავსახური და ვხარშოთ დაახლოებთ 30-40 წუთი.

შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან ქათამი, ცოტა გავაგრილოთ და დავჭრათ კუბიკებად. ბულიონი კი გადავწუროთ და გადავინახოთ.

ცალკე კარაქში მოვხრაკოთ სოკო.რაც უფრო მეტი სახეობის სოკოს გამოიყენებთ, მით უფრო გემრიელი და საინტერესო გამოვა თქვენი სუპი. შეგიძლიათ ხმელი სოკოც გამოიყენოთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ის წინასწარ უნდა ჩაალბოთ.

მოზრდილ, სქელძირიან ქვაბში გავახუროთ ზეთი და კარაქი, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. მოვთუშოთ. შემდეგ დავუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი სტაფილო და კარტოფილი და ვთუშოთ კიდე დაახლოებით 5 წუთი.

ამის შემდეგ, ნელ-ნელა დავუმატოთ ქათმის ბულიონი. წამოვადუღოთ და ვხარშოთ დაახლოებით 10 წუთი დაბალ ცეცხლზე, დავაბლენდეროთ, დავუმატოთ სოკო, ყველი, დაჭრილი ქათმის ფილე, მუსკატი, მარილი და წიწაკა. ვხარშოთ, სანამ ყველი არ გადნება.

სუპი შეგიძლიათ მორთოთ მწვანე ხახვით კამით ან ოხრახუშით თქვენი გემოვნებით. ძალიან უხდება შებრაწული ტოსტები ან ნივრიანი ორცობილები.

გემრიელად მიირთვით!

Comments


Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page