ავსტრიული შტრუდელი
დღეს საღამოს ჩემ ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ნამცხვარს- შტრუდელს შემოგთავაზებთ. კლასიკური შტრუდელი ვაშლით ან ალუბლით კეთდება, თუმცა, როგორც ჩვენ უკვე ვიცით, კულინარია სწორედ ის სფეროა, სადაც ზუსტი წესები და შეზღუდვები არ არსებობს. შეგიძლიათ შიგთავსათ გამოიყენოთ ყველაფერი ის, რაც თქვენ გიყვართ, მათ შორის ისპანახი, ბოსტნეული და სხვ.
ხოლო ჩვენ დღეს ვენურ ვაშლის შტრუდელს ვამზადებთ.
დაგვჭრდება:
2,5 -3 ჭიქა ფქვილი
50 გ კარაქი
მწიკვი მარილი
1 კვერცხი
200 მლ წყალი
1 ჩ.კ. ძმარი
შიგთავსისთვის:
4 ვაშლი
100 გ ქიშმიში
50 გ კარაქი
100 გ ნიგოზი
4 ს.კ. ყავისფერი შაქარი (თეთრიც შეიძლება)
1 ჩ.კ. დარიჩინი
შაქრის პუდრა
დარბილებული კარაქი და ფქვილი ხელით მოვზილოთ, დავუმატოთ მარილი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხი, წყალი და ძმარი და დავუმატოთ ეს მასა ფქვილს. მოვზილოთ ცომი. გადავიტანოთ ცომი ფქვილმოყრილ დაფაზე და ვზილოთ მანამ, სანამ ცომი არ გახდება მკვრივი და არ მოცილდება ხელს.
გადავაფაროთ ცომს პლასტიკი და შევდოთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით.
ვაშლი გავთალოთ და დავჭრათ, დავუმატოთ დაჭრილი ნიგოზი, ქიშმიში, შაქარი, კარაქი და დარიჩინი. შევათბოთ ეს მასა დაბალ ცეცხლზე და ვთუშოთ დაახლოებით 5 წუთი.
მაგიდაზე მოვათავსოთ მოზრდილი ზომის ჩაის ტილო ან სუფრა, მოვაყაროთ ფქვილი, და ზევიდან გავაბრტყელოთ ცომი რაც შეიძლება თხლად. შემდეგ შევეცადოთ მისი გაჭიმვა. ცომი უნდა იყოს ძალიან თხელი, გამჭვირვალე.
ცომს გადავუსვათ გამდნარი კარაქი, და დავადოთ შიგთავსი. გადავახვიოთ შტრუდელი რულეტივით ჩაის ტილოს დახმარებით. ზევიდან გადავუსვათ ჩვენ რულეტს კარაქი და გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45-50 წუთი.
გამომცხვარ შტრუდელს უხვად მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!