ტარტინკები მოცარელათი, ბაზილიკით და პომიდორი ჩერით
ყველაზე იტალიური შეხამება- მოცარელა, პომიდორი და ბაზილიკი. იტალიის დროშის ფერები, იტალიის სიმბოლო, მწვანე, თეთრი და წითელი. ეს შეხამება-კაპრეზე- გამოიყენება სალთის სახითაც, პიცაშიც და საერთოდ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია იტალიური სამზარეულოსთვის.
ჩვენ დღეს ვამზადებთ არაჩვეულებრივ საუზმეს, გნებავთ ლანჩს ან სულაც ვახშამს- პატარა კაპრეზე -ტარტებს.
დაგვჭირდება:
500 გ მზა ფენოვანი ცომი
300 გ მოცარელა
500 გ პომიდორი ჩერი
პატარა კონა ბაზილიკი
მარილი
შავი წიწაკა
ზეითუნის ზეთი
რათქმაუნდა, შეგიძლიათ ეს ტარტი ერთ მოზრდილ ფორმაში გამოაცხოთ, მაგრამ თუ პატარა პორციულ ფორმებს გამოიყენებთ, უფრო ლამაზი და მარტივი იქნება თქვენი სტუმრების ან ოჯახის წევრებისთვის საპრეზენტაციოდ.
ასევე, თუ თქვენ ნაკლებად ცხიმიანი ტარტების გამოცხობა გსურთ, ფენოვანი ცომის ნაცვლად, შეგიძლიათ მოამზადოთ ტარტის ცომი ბრიზე, რომელიც ჩვენ არაერთხელ გამოგვიყენებია სხვადასხვა ტარტის რეცეპტში.
ტარტების ფორმბში გავანაწილოთ გაბრტყელებული ცომი. შემდეგ უხვად მოვაყაროთ თხლად დაჭრილი მოცარელა, ზევიდან დავადოთ რამოდენიმე პომიდორი ჩერი და მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
გამოვაცხოთ ჩვენი ტარტინკები 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.
გამზადებულ ტარტებს მოვაყაროთ ბაზილიკი და მოვასხათ ცოტაოდეი ზეითუნის ზეთი.
გემრიელად მიირთვით!