ქოქოსის ტორტი ლიმნით
ძალიან ჰაეროვანი და ნაზი ტორტი ქოქოსის ფანტელით და ლიმნის არომატით.
ბისკვიტისთვის ფაგვჭრდება:
5 კვერცხი
200 გ შაქარი
150 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
100 გ ქოქოსის ფანტელი
1 ლიმნის ცედრა
ნახევარი ლიმნის წვენი დასანამად: 100 გშაქარი
100 მკ წყალი
1 ს.კ. ფორთოხლის ლიქიორი (ასევე შესაძლებელია რომი, კონიაკი)
კრემისთვის:
150 მლ ლიმნის წვენი
1 ს. კ. ცედრა
200 გ შაქარი
3 კვერცხი
150 მლ მაღალცხიმიანი ნაღები 150 გ ქოქოსის ფანტელი
ბისკვიტის მოსამზადებლად კვერცხის ცილა ავთქვიფოთ ნახევარ ულუფა შაქართან ერთად, დავუმატოთ ლიმნის წვენი. გულები ცალკე ავთქვიფოთ დანარჩენ შაქართან და ლიმნის ცედრასთან ერთად. დავუმატოთ მარილი, ფქვილი და ქოქოსი. ფრთხილად შევურიოთ ათქვეფილი ცილა, მოვურიოთ და გამოვაცხოთ 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45-50 წუთი.
გამომცხვარი ბისკვიტი შევაგრილოთ და გავჭრათ სიბრტყეზე 3 თანაბარ ფენად.
დასანამად მოვამზადოთ სიროპი: შაქარი, წყალი და ლიქიორი მივიყვანოთ ადუღებამდე, შევაფრილოთ და გავჟღინთოთ ამ სიროპით სამივე ფენა.
კრემისთვის ვამზადებთ ლიმნის კურდს: ამისათვის ლიმნის წვენი, ცედრა და შაქარი ადუღებამდე მივიყვანოთ. ავთქვიფოთ კვერცხი და შევურიოთ ნელ-ნელა ლიმნის მასა. კარგად ავთქვიფოთ, დავდოთ დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი, თან სულ ვურიოთ. ლიმნის კურდი კარგად რომ გაცივდება (სანამ ცივდება, გადავაფაროთ კულინარიული პლასტიკი, ზედაპირი რიმ არ გამოშრეს), გადავდოთ 1/3 კრემი , დანარჩენი შევურიოთ კარგად ათქვეფილ ცივ ნაღებს.
ავაწყოთ ტორტი: პირველ ორ ფენას წავუსვათ ნაღების და ლიმნის კრემი, ხოლო ბოლო ფენას-ლიმნის კურდი. მოვაყაროთ ტორტს ქოქოსის ფანტელი. ფანტელი უმჯობესი რამოდენიმე წუთი ქურაში გამოვაშროთ. შევდოთ ტორტი მინიმუმ 2-3 საათით მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!