სველი ლიმონის კექსი
ალბათ უკვე შენიშნეთ, რომე ლიმონი გამორჩეულად მიყვარს და ხშირად ვიყენებ მას სხვადასხვა კერძების მომზადების დროს. განსაკუთრებით ხშირად კი ლიმონს დესერტებში ვიყენებ, რადგან ვფიქრობ, რომე არაფერია ლიმნის დესერტზე უკეთესი, მით უმეტეს ერთ ფინჯან კარგ ყავასაც თუ მოამზადებთ.
დღეს გამოვაცხობთ საოცარ ლიმნის კექსს, რომელიც გაჟღენთილი იქნება არომატული სიროპით და დავფარავთ მას ლიმნის მინანქრით. ნამდვილი ნეტარება გელით.
დაგვჭირდება:
150 გ კარაქი
200 გ შაქარი
3-4 კვერცხი
250 მლ მაწონი
300გ ფქვილი
0,5 ჩ.კ. სოდა
1 ს.კ. ლიმნის წვენი
ვანილი
მწიკვი მარილი
2 ლიმნის ცედრა
დასანამად:
100 მლ ლიმნის წვენი
100 გ შაქარი
მინანქრისთვის:
200 გ შაქრის პუდრა
2 ს.კ. ლიმნის წვენი
კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, შემდეგ მაწონი, ვანილი, ცედრა, სოდა და ლიმნის წვენი. ბოლოს დავუმატთ ფქვილი და კარგად მოვურიოთ.
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 45-60 წუთი. ფორმას წინასწარ აუცილებლად ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი.
ამასობაში, პატარა ქვაბში შევურიოთ ლიმნის წვენი და შაქარი, დავადგათ დაბალ ც3ეცზლზე და ვხარშოთ მანამ, სანამ შაქარი სრულად არ გადნება და სიროპი გამჭვირვალე არ გახდება.
გამომცხვარი კექსი ჯერ არ ამოვიღოთ ფორმიდან. ცხელ ბისკვიტს რამოდნემე ადგილას შევარჭოთ ხის ჩხირი და მოვასხათ მომზადებული ლიმნის სიროპი. კარგად გავჟღინთოთ ბისკვიტი სიროპით, შემდეგ გავაგრილოთ და ამის შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან.
მინანქრის მოსამზადებლად შაქრის პუდრა და ლიმნის წვენი ერთმანეთს შევურიოთ. მოვასხათ მინანქარი ბოლომდე გაგრილებულ კექსს.
შეგიძლიათ მორთოთ ნამცხვარი ათქვეფილი ნაღებით და ლიმნის ცედრით.
გემრიელად მიირთვით!