ქათმის სალათი ავოკადო, მოცარელა და პომიდორი ჩერით
დღევანდელ დღეს ვუძღვნით ყველა ჩვენ მეგობარს და ბლოგის მკითხველს, ვისაც წონაშ დაკლება სურს ან უბრალოდ ჯანსაღი კვების მოყვარულია. ზოგადად, ჩვენ სულ ვცდილობთ ჯანსაღი და სასარგებლო რეცეპტები შემოგთავაზოთ, მაგრამ დღეს ამ ყველაფერთან ერთად ნაკლებად კალორიულ, მსუბუქ, ცილებით და ბოსტნეულით მდიდარ კერძებზე გავამახვილებთ ყურადღებას.
ჩვენი მენიუს ძირითადი პროდუქტები ქათმის და ინდაურის ხორცი, თევზი, ასევე მწვანე სალათები, ბოსტნეული და რძის პროდუქტი იქნება. ეს პროდუქტები მდიდარია ცილებით, ვიტამინებით, ნაკლებად შეიცავს მავნე ქოლესტერინს, ორგანიზმი მათ იოლად ინელებს და, რაც მთავარია, ძლაიან გემრიელია.
პირველი ჩვენ სიაში უგემრიელესი სალათი კაპრეზეა გრილზე შემწვარი ქათმის ხორცით.
დაგვჭირდება:
1 კონა სალათების მიქსი
1 ქათმის მკერდი კანის გარეშე
1 ავოკადო
10-12 პომიდორი ჩერი
10-12 მოცარელას პატარა ბურთულები
პატარა კონა ბაზილიკი (ან 0,5 ჩ.კ. ხმელი)
2 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
1 ს.კ. დიჟონის მდოგვი
1 ს.კ. ლიმნის წვენი
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
მარილი, წიწაკების მიქსი
ქათმის მკერდს წავუსვათ ცოტა მარილი და წიწაკები და შევწვათ გრილზე ან გამოვაცხოთ ღუმელში ცხიმის გარეშე. დავჭრათ ხორცი თხლად. ასევე დავრათ ავოკადო და მოვასხათ ლიმნის წვენი, პომიდორი ჩერი გავჭრათ შუაზე.
ძმარი, ზეთი, მდოგვი, ბაზილიკი, მარილი და წიწაკები კარგად ავურიოთ ერთმანეთს.
მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი ერთად და მოვასხათ დრესინგი.
გემრიელად მიირთვით!