ყაყაჩოს ნამცხვარი ალუბლით
ბავშვობაში ყაყაჩოს ფუნთუშები მე და ჩემ ძმას განსაკუთრებით გვიყვარდა. დედამ იცოდა ყველა ის ადგილი, სადაც განსაკუთრებით გემრიელი ფუნთუშები და ნამცხვრები ცხვებოდა და ხშირად გვანებივრებდა ხოლმე.
სამწუხაროდ, ყაყაჩოს თესლის შოვნა ბოლო დროს პრობლემატურია, მაგრამ აქა-იქ მაინც გამოჩნდა და თუ გადაეყრებით, აუცილებლად შეიძინეთ, შემდეგ კი ეს უგემრიელესი ნამცხვარი მოამზადეთ.
დაგვჭრდება:
200 გ კარაქი
100 გ შაქარი
3 კვერცხი
150 გ ყაყაჩოს თესლი
სოდა ძმრით
ვანილი
200 გ ფქვილი
150 გ ახალი ან გაყინული ალუბალი კურკის გარეშე
ცალკე:
100 გ შაქრის პუდრა
1-2 ს.კ. ნაღები ან რძე
2 ს.კ. ყაყაჩოს თესლი
დარბილებული კარაქი და შაქარი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, შემდეგ კი ვანილი, სოდა ძმრით და ფქვილი. კარგად მოვურიოთ და ცალკე გადავდოთ ცომის 1/3 ნაწილი.
2/3 ცომი ჩავასხათ საცხობ ფორმაში. ფრთხილად დავალაგოთ ზევიდან შემშრალი ალუბლები.
დარჩენილი ცომის მესამედს დავუმატოთ დაბლენდერებული ყაყაჩოს თესლი და კარგად მოვურიოთ. შემდეგ კი ფრთხილად გავანაწილოთ ეს ცომი ალუბლებზე.
გამოვაცხოთ ჩვენი კექსი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 50 წუთი.
სანამ ნამცხვარი გაგრილდება, მოვამზადოთ მინანქარი: ამისთვის კარგად ავურიოთ შაქრის პუდრა და ნაღები.
მოვასხათ მინანქარი გაგრილებულ ნამცხვარ და ზევიდან მოვაყაროთ ყაყაჩოს თესლი.
გემრიელად მიირთვით!