საგაზაფხულო სალათი სატაცურით, თხის ყველით, ლიმნით და თხილით
ამდენი გემრიელი ხორცის კერძის შემდეგ ცოტა გავამსუბუქოთ ჩვენი მენიუ და დღეს ვიტამინებით სავსე ნამდვილ საგაზაფხულო სალათს შემოგთავაზებთ.
დაგვჭრდება:
1 კონა სატაცური (8-10 ცალი)
200 გ მწვანე ბარდა
1 კიტრი
1 საშუალო ბოლოკი
1 კონა სალათის ფოთლები (ნებისმიერი)
150-200 გ თხის ყველი (როგორც წრსი, პატარა რგოლების სახით იყიდება)
2 ნაჭერი ჩიაბატა ან რომელიმე მსგავსი პური
50-100 გ მოხალული თხილი, ნიგოზი ან ნუში
0,5 ჩ.კ. შაქარი
1 ჩ.კ. მარილი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
დრესინგისთვის:
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმნის წვენი და ცედრა
0,5 ჩ.კ. თაფლი
2 ს.კ. პიტნის ფოთლები
მარილი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი გავანაწილოთ ტაფაზე და მოვბრაწოთ პურის ოთხკუთხედი ნაჭრები.
სატაცურს მოვაჭრათ ყველაზე ნაზი ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი კი გავჭრათსასურველ ზომამდე. ავადუღოთ წყალი პატარა ქვაბში, დავუმატოთ მარილი და შაქარი და მოვწალოთ სატაცური. ჯერ ქვედა ნაწილს ვქრით წყალში, ერთი წუთის შემდეგ კი ნაზ ზედა ნაწილს. ვადუღოთ კიდე დაახლოებით 2 წუთი. შემდეგ კი გადავწუროთ და გავავლოთ ძალიან ცივი წყალი.
ასევე, ოდნავ მოვწალოთ ბარდა.
მოვამზადოთ დრესინგი. ამისთვის ავთქვიფოთ ყველა ინგრედიენტი ერთად.
სალათის ფოთლები მოვათავსოთ ჯამში, დავუმატოთ თხლად დაჭრილი კიტრი და ბოლოკი, მოვასხათ ნახევარი დრესინგი. შემდეგ მოვაყაროთ სატაცური, ბარდა, ორცხობილა და თხილი. ბოლოს დავალაგოთ დანაწევრებული თხის ყველი და მოვასხათ დანარჩენი დრესინგი.
გემრიელად მიირთვით!