დაუვწყარი პრაღა და ჩეხური კერძების ტოპ-10
რამდენიმე დღის წინ დავბრუნდი არაჩვეულებრივი მოგზაურობიდან. ჩემ მეგობრებთან ერთად ერთი კვირა გავატარე ჩეხეთში, პრაღაში. ქალაქში, რომლის არქიტექტურაშიც საოცრადაა შერწყმული რომანული და გოთური სტილი, ბაროკო და როკოკო, რენესანსი და არ ნუვო; ერთდროულად მშვენიერი, რომანტიული, მისტიური, თბილი, მყუდრო და ძალიან გემრიელია.
„ოქროს ქალაქის“ისტორიული ცენტრი ტყუილად არ არის შეტანილი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ზღაპული სასახლეები და კოშკები, ულამაზესი ტაძრები, პატარა, ვიწრო ქუჩები და მოედნები, სიმწვანე, პარკები და სკვერები და ბევრი, ბევრი იასამანი. მთელ ქალაქში იასამნის მათრობელა სურნელი ტრიალებს.
ძველ ქალაქში (Staré Město) კი სულ სხვა არომატებია. ყველა კუთეხეში შებრაწულ სოსისებს და დამარინადებულ სარედელებს (Utopenec, Кlobása) გთავაზობენ. აქვე შეგიძლიათ მიირთვათ ცნობილი ჩეხური ვაფლი -Karlovarské oplatki სხვადასხვა შიგთავსით, ახლად გამომცხვარი დარიჩინიანი ფუნთუშები-Trdelník, რომელსაც ცხელს ან გრილს, თქვენი სურვილით შოკოლადით, ნაყინით ან ხილის შიგთავსით მოგიმზადებენ, Kolache-ფუნთუშა სხვადასხვა ხილის, ხაჭოს, თხილის ან ყაყაჩოს გულსართით, ან Štramberské uši - ჩეხების კიდე ერთი საყვარელი ხრატუნა ნუგბარი, რომელსაც ასევე ცარიელს ან სხვადასხვა შიგთავსით მიირთმევენ.
თუ სიარულით დაიღალეთ, რაც გასაკვირი არ იქნება, შეგიძლიათ რომელიმე პატარა მყუდრო ჩეხურ რესტორანში შეიხედოთ, გემრიელად და ნოყიერად ისადილოთ და, რა თქმა უნდა, ჩეხური ლუდიც დააგემოვნოთ.
ჯერ მიირთვით ჩეხური აპეტაიზერი- წვნიანი, რომელმაც მომავალი კერძისთვის უნდა შეგამზადოთ: Polévka v chlebu -სხვადასხვა წვნიანი გამომცხვარ პურში, Bramboračka- კარტოფილის სუპი სოკოთი, Cibulačka- ხახვის წვნიანი ყველით და ორცხობილებით ან განუმეორებელი ჩეხური გულაში Guláš- ნაზი, წვნიანი მოთუშული ხორცი, კერძი, რომელიც ჩეხურ სამზარეულოში უნგრეთიდან მოხვდა, მაგრამ უნგრულისგან განსხვავებით, შავი პურით ან ფქვილით არის შესქელებული და მას ლუდი ემატება.
აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მთავარი ჩეხური კერძებიც: შემწვარი ღორის ხორცი მოთუშულ კომბსტოსთან ერთად -Vepřo-knedlo-zelo, ლუდში გამომცხვარი ღორის ფეხი მდოგვით-Vepřové koleno, თაფლში გამომცხვარი ღორის ნეკნები-Pečená vepřová žebírka v medu, ხბოს ხორცი ნაღების სოუსში მოცვით-Svíčková na smetaně, შემწვარი იხვი ან ბატი, მოთუშულ კომბოსტოსთან ერთად -Pečená kachna. ყველა ამ კერძს აუცილებლად თან ერთვის ცნობილი ჩეხური კარტოფილის გარნირი- კნედლიკი knedlík.
ჩეხები, ისევე როგორც ქართველები, ძალიან უფრთხილდებიან ძველ ტრადიციებს და სიამაყით აცხადებენ, რომ კერძებს მათი დიდი ბებიების მიერ შემონახული რეცეპტების მიხედვით ამზადებენ, თუმცა, ქართული სამსაზრეულოსგან განსხვავებით, ჩეხური კერძები არ არის გადატვირთული ზედმეტი სანელებლებითა და საკაზმებით. საერთოდ, ჩეხური კერძები არ გამოირჩევა მაღალი სამზარეულოსთვის დამახასიათებელი დახვეწილობით, ეს უბრალო ადამიანების საყვარელი საჭმელია, მარტივი, შინაური, ნოყიერი და ძალიან და გემრიელი.
ნამცხვირს და ყავის ხასიათზე რომ მოხვალთ, მყუდროთ მოთავსდით რომელიმე ულამაზეს კაფეში და მიირთვათ თაფლის ნამცხვარი-medovník, შტრუდელი, შოკოლადის, ალუბლის ან თხილის ტორტი და თან დატკბით ულამაზესი ხედებით ან ქუჩაში ფუსფუსის სცენებით.
ჩეხურ სამზარულოზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ავსტრიულმა, უნგრულმა და ბავარიულმა სამზარეულომ. ასევე, ამ ქვეყნებმაც ბევრი აიღეს ჩეხური კულინარიული ტრადიციებიდან. არც დესერტებია გამონაკლისი. ტორტები და ნამცხვრები ძირითადად ავსტრიიდან და გერმანიიდანაა შემოსული ჩეხურ სამზარეულოში. გარდა ამისა, პრაქტიკულად ყველა კაფეში შეგხვდებათ ჩიზქეიქის და ტირამისუს მრავალი ვარიაცია. ყველა ეს დესერტი საოცრად გემრიელია, უთუოდ უნდა გასინჯოთ.
საღამოხანს ყველს და ღვინოს დაუთმეთ დრო. აუცილებლად უნდა დააგემვნოთ ჩეხური ყველი Brie, Niva, Hermelín, Gerarnont, Plesnivec, Kamadet, Vltavín . მათ მიირთმევენ როგორც უმი სახით, ასევე შემწვარსაც.უგემრიელესია ჰერმელინი. ასევე, ძალიან საინტერესო და განსაკუთრებულია ყველი Olomoucké tvarůžky . მას სპეციფიური მძაფრი სურნელი აქვს, რომელიც შეწვის პროცესში ქრება და ყველი საოცარ გემოს იძენს. შავ პურთან და ლუდთან ერთად უბრალოდ შეუდარებელია.
მოკლედ, მათთვის, ვისაც ღორის ხორცი, ლუდი და გემრიელი დესერტები უყვარს, პრაღა, სხვა ღირშესანიშნაობებთან ერთად, გასტრონომიულადაც ფრიად საინტერესო იქნება.
რა თქმა უნდა, ამ მოგზაურობიდან ხელცარიელი არ დავბრუნებულვარ და თქვენთვის საინტერესო რეცეპტები ჩამოვიტანე. გთავაზობთ 10 ჩემი აზრით ყველაზე საინტერესო და გემრიელ ჩეხურ კერძს:
მაშ ასე, პირველი ჩვენს სიაში- საყოველთაოდ ცნობილი კნედლიკი.
მეორე საპატიო ადგილი- წვნიანების მეფედ წოდებულ ბრამბორაჩკას, კარტოფილის წვნიანს უკავია.
მესამე -ჩეხური გულაში. ნოყიერი ხორცის წვნიანი, რომელსაც ასევე ხშირად პურის ქერქში გვთავაზობენ.
მეოთხე ადგილი მივაკუთნეთ არომატულ თაფლში შემწვარ ღორის ნეკნებს.
მეხუთე-ლუდში გამომაცხვარ ღორის ფეხს.
მეექვსე ჩვენ სიაში შემწვარი ღორის ხორცი კომბოსტოს გარნირით და კნედლიკებით.
მეშვიდე ადგილზეა უგემრიელესი, ნაზი ხბოს ხორცი ნაღების და მოცხარის სოუსით.
მერვე- გამომცხვარი იხვი ან ბატი მოთუშულ კომბოსტოსთან ერთად.
დესერტის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერცერთი სია ვერ იქნება სრულყოფილი. მეცხრე ჩვენ სიაში -უგემრიელესი ჩეხური თაფლს ნამცხვარია.
და ბოლოს, მეათე-კოლაჩი-ჩეხური ფუნთუშა ნაირ-ნაირი შიგთავსით.
მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ყველა ეს კერძი ზამთრის სეზონს მეტად შეეფერება, ხანდახან ზაფხულშიც გვიჩნდება სურვილი მივირთვად რამე გემრიელი და ნოყიერი. გადახედეთ ჩვენ რეცეპტებს და აუცილებლად აღმოჩენთ თქვენთვის საინტერესო კერძს.